ახალი ამბები
აშშ-ს წამყვანი ენტომოლოგი ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის გაცნობის მიზნით, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, USAID/ REAP-ის მოწვეული ექსპერტი, გრეგ კრავჩუკი, საქართველოში იმყოფება. მან აბაშის მუნიციპალიტეტში მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი მოინახულა. შტაბის პრესსამსახურის ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა და საკოორდინაციო შტაბის ორგანიზატორებმა, ამერიკელ ექსპერტს შტაბის მუშაობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, გააცნეს მავნებლის მონიტორინგის სისტემა და მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ამერიკის წამყვანმა ენტომოლოგმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები.

„ის ორგანიზებული მიდგომა, რომელიც მე აქ დამხვდა, აუცილებლად გამოიღებს შედეგს და შეამცირებს მავნებლის წნეხს სასოფლო- სამეურნეო კულტურებზე“, - აღნიშნა კრავჩუკმა.

ვიზიტის ფარგლებში გრეგ კრავჩუკი ადგილობრივ ფერმერებს შეხვდება და დამუშავებულ ფართობებსაც მოინახულებს.

გრეგ კრავჩუკი საქართველოში , სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და USAID/ REAP-ის (Reap Georgia) მხარდაჭერით იმყოფება. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და სტრატეგიის შემუშავებაში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი,საქართველოში მავნებლის გავრცელების შემდეგ , 2016 წლიდან, არის ჩართული.

სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი ფიქსირდება, წამლობა თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საკოორდინაციო შტაბის ცნობით, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის პოპულაცია შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. მავნებლის გავრცელების გეოგრაფიული არეალი კი არ გაზრდილა.


Print