ახალი ამბები
გალის რაიონში აღმოჩენილ არტეფაქტებს სოხუმის მუზეუმში გადაიტანენ
გალის რაიონის სოფელ წარჩეს ერთ - ერთ გამოქვაბულში თიხის უძველესი ნაწარმის დეტალები აღმოაჩინეს. მას საქველმოქმედო ფონდის მიერ ორგანიზებული, ტყვარჩელის საზაფხულო ბანაკის მონაწილეებმა მიაკვლიეს.

ფონდის დირექტორის ოდისეი ნიკოლაიდის განმარტებით, „აფხაზეთის სკაუტები“ სოფელ ჩხორთოლში ორდღიანი ექსპედიციით ჩავიდნენ, რა დროსაც, წარჩეს მცხოვრებლებისგან შეიტყვეს, რომ სოფელში არის გამოუკვლევი გამოქვაბული. ჯგუფი გაემგზავრა ადგილზე, მოახერხა გამოქვაბულში ჩასვლა და აღმოაჩინა უძველესი თიხის დოქის ნაწილები.

ნაპოვნი არტეფაქტების შესახებ მათ აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს არკადი ჯოპუას შეატყობინეს, რომელმაც ივარაუდა, რომ ისინი შესაძლოა, გვიან ანტიკურ ხანას და ადრეულ შუასაუკუნეებს მიეკუთვნებოდეს.

„მათ სამუზეუმო ფასეულობა არ გააჩნიათ. მუზეუმში ვტოვებთ იმ ექსპონატებს, რომელთა გამოყენება ექსპოზიციაში შეგვიძლია. ამ მასალას კი საცავში მივუჩენთ ადგილს“, - თქვა აფხაზმა სპეციალისტმა.


Print