ახალი ამბები
საქართველოში გლოვის დღეა
ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება მამუკა ბახტაძემ უკვე გამოსცა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, მათ შორის, ზუგდიდსა და სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

დღეს დილით, გამთენიისას ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

შს სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, გამოძიების დასრულებამდე მინდელის შახტა დაილუქება.

Print