ახალი ამბები
ფოთში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
სამართალდამცავს, რომელმაც ფოთში, ქურდობის მცდელობის დროს, სავარაუდოდ, წინააღმდეგობის გაწევისას მამაკაცას ესროლა, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნატრული აკობიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ბრალდებულის ადვოკატის ცნობით, სხდომას არ დასწრებია ბრალდებული, რადგან მას ტვინის შერყევა აქვს.

სწორედ პატიმრობას ითხოვდა პროკურატურა, ამის საფუძვლად კი სხვადასხვა მტკიცებულებას ასახელებდა, რომელიც პროკურორმა დავით პაპავამ ჟურნალისტებს არ დაუსახელა. მედიის წარმომადგენლების ნაწილმა პროცესზე დასწრება ვერ მოახერხა, რადგან სასამართლო სხდომის დარბაზი ბრალდებულის ნათესავებითა და სამართალდამცავებით მალევე გაივსო. 

“მოკვლეული მტკიცებულების გასაჯაროებისგან თავს შევიკავებ. შემიძლია გითხრათ, რომ საქმეში არსებობს მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ეს დანაშაული ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი. არაერთი მოწმის ჩვენება არის საქმეში, ვერ გეტყვით ვინ მოწმეები არიან... ამოღებული ასევე ნივთმტკიცებები“, - თქვა დავით პაპავამ. 

მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაცვის მხარე. იოსებ ჯანაშია სასამართლოში 20 000 ლარიან გირაოს შუამდგომლობით შევიდა. მისი თქმით, საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც წინასწარი პატიმრობის საფუძველი გახდებოდა. როგორც ჯანაშიამ ჟურნალისტებს უთხრა, მოსამარლემ განმარტა, რომ მისი გადაწყვეტილების მიზეზი საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია.

„პროცესზე არ განუხილიათ არანაირი მტკიცებულება. იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რომ ბრალდებული არის აფხაზეთიდან დევნილი და ის შეიძლება მიიმალოს, თუმცა სასმართლომ თავის განმარტებაში ყურადღება მომეტებულ საზოგადოებრივ ინტერესზე გაამახვილა. პირი აბსოლიტურად უკანონოდ იქნა მოთავსებული წინასწარ პატიმრობაში“, - ამბობს იოსებ ჯანაშია.

23 ივლისს მამაკაცს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის დროს სამართალდამცავმა, სავარაუდოდ, წინააღმდეგობის გაწევისას ესროლა. მამაკაცს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. შედეგად, ის ზუგდიდის საავამდყოფოში გარდაიცვალა. საქმეს პროკურატურა თავიდან 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებდა, თუმცა დაკავებულს ბრალი 116-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

ამავე თემაზე:

ფოთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ პოლიციელს ბრალდება გადაუკვალიფიცირდა



Print