ახალი ამბები
თხილის შეწამვლის შედეგებით კმაყოფილი და უკმაყოფილო მოსახლეობა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ფერმერები, რომლებმაც საკუთარ თხილნარში აგროღონისძიებები რამდენჯერმე გაატარეს, მიღებული შედეგით ნაწილი კმაყოფილია, მნიშვნელოვანი ნაწილი კი უხარისხო მოსავალზე საუბრობს. გლეხებმა, რომლებმაც კომპლექსური წამლობა საერთოდ ვერ ჩაატარეს მოსავლის თითქმის 80% გაუფუჭდათ. როგორც ფერმერები, ასევე აგრონომები ამის ძირითად მიზეზად აზიურ ფაროსანას ასახელებენ.

სოფელ კახათის მკვიდრმა ელგუჯა ჭედიამ, რომელსაც თხილის ფართობი  5 ჰექტარზე აქვს გაშენებული, კომპლექსური წამლობა 7-ჯერ ჩაატარა, თუმცა მოსავლის ხარისხით უკმაყოფილოა. მისი თქმით, პრეპარატები სპეციალისტების რეკომენდაციით შეისყიდა და წამლობაც მათი მითითებების მიხედვით განახორციელა. მიუხედავად ამისა ამბობს, რომ წლევანდელი მოსავალიც გაუფუჭდა. ის დარწმუნებულია, რომ თხილის გულის დაზიანება აზიურმა ფაროსანამ გამოიწვია.

„თხილნარი გადახურული ხომ არ მაქვს ფაროსანა, რომ  არ შემოვიდეს. შევწამლავ ცოტა ხანი არ არიან, მერე კვლავ ჩნდებიან, სხვა ფართობებიდან გადმოდიან. ეს ხოჭო უნდა მოისპოს, არანაირი სხვა დაავადება ასე არ მოქმედებს თხილის ხარისხზე“, - გვითხრა მან.

ამავე სოფლის მკვიდრი გია იზორია ამბობს, რომ ფართობი 3-ჯერ შეწამლა, თუმცა მეზობლებმა მსგავსი აგროღონისძიებები ვერ გაატარეს და მავნებელმა მათი ნაკვეთებიდან მის თხილნარში გადაინაცვლეს.

„მე რომ შევწამლო, სამეზობლოში ამას ყველა ვერ ახერხებს. შეწამლვის შემდეგ ათ დღეში ისევ ჩნდება და მაგის საშუალება არ გვაქვს, რომ ყოველ ათ დღეში შეგვეწამლა. ახლა რომ შევხედავ თითქოს 50% კარგია მაგრამ ერთ კვირაში გულს რაღაც ემართება და ფუჭდება. იყო წლები, რომ სამ ტონამდე იყო შემოსავალი, გასულ წელს შვიდას კილომდე ძლივს შევაგროვე, წელს რა იქნება არ ვიცი... სოფელში ერთმანეთს, როგორც შეგვიძლია ისე ვეხმარებით, მთავრობამაც შეწამლა, მაგრამ სასურველი შედეგი მაინც არ გვაქვს ჯერ. ძალიან რთული ყოფილა ეს მწერი“, - თქვა იზორიამ.

სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრი დოდო ჯიშკარიანი ამბობს, რომ უსახსრობის გამო საკუთარი ნაკვეთი ვერ შეწამლა, რის გამოც მოსავალი სრულიად გაუფუჭდა.

„ორი წელია არ გვაქვს შემოსავალი, საერთოდ არ შევაგროვებ. რა აზრი აქვს, რომ მოკრიფო, სადაც 1 ტონა გვქონდა 200  კილოც არ იქნება და ისიც მთლიანად გაფუჭებული იყო. წელს არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული მოვკრეფთ თუ არა, ცოტა ხანი გადავხედავ,  თუ 10-დან 3-4 არ იქნება კარგი, აღარ დავკრეფთ, ხარჯებს ვერ დაფარავს“, - თქვა ჯიშკარიანმა.

დარჩელის მკვიდრი მარიკა კოდუა, რომელიც 100 ჰა-მდე თხილის პლანტაციას ფლობს ამბობს, რომ კომპლექსური წამლობა 7-ჯერ ჩაატარა და მოსავალიც შესაბამისად ხარისხიანი, თუმცა აქვე ამბობს, რომ დანაკლისი მასაც აქვს .

„ასე ვთქვათ, ორ მხარეს მაქვს პლანტაცია. იმ ნაწილს, რომელსაც მეზობლების თხილნარები და სხვა ნარგავები ესაზღვრება და წამლობა არ ჩაატარეს, შედარებით ცუდი მოსავალია. სულ მცირე 20% უარგისია. იმ მხარეს კი, სადაც დაცულია და მხოლოდ ჩემი ნაკვეთია იდეალური შედეგი მაქვს, წამლობამ 100%-იანი შედეგი გამოიღო", - ამბობს კოდუა.

ფერმერი მოსავლის დაზიანებას აზიურ ფაროსანას უკავშირებს და ამბობს, რომ სოკოვანი დაავადება მავნებლის ნაკბენში ვითარდება.

„სოკო არის შედეგი, გამომწვევი მიზეზი არის ფაროსანა“, - თქვა ახალგაზრდა ფერმერმა.

ხარისხის გაუმჯობესებაზე საუბრობენ, თხილის ჩამბარებელი პუნქტებში მომუშავეთა ნაწილი. მათი ინფორმაციით, შარშან ამ დროს თხილი მასიურად გაფუჭებული იყო, წელს კი უკეთესი მდგომარეობაა. არველოდ ლიპარტია, რომელიც 25 წელია თხილის ჩამბარებელ პუნქტში მუშაობს, გვეუბნება, რომ შარშანდელთან შედარებით წელის მოსავლის ხარისხი ოდნავ გაუმჯობესებულია.

„წელს ვინც ამბობს, რომ შეწამლა, მათი თხილი 10-დან 7-8 კარგია. ვინც საერთოდ არ მოუარა მათი მოსავლი თითქმის გაფუჭდა, 10-დან 3-4 კარგი ძლივს გამოდის“, - ამბობს ის.

თხილის ჩამბარებელ პუნქტებში გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე თხილის ფასი ხარისხის მიხედვით, 50 თეთრიდან  2 ლარამდე მერყეობს, შარშან კი ამ დროს მისი ფასი 20-50 თეთრი იყო.

„წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ, რა ფასი იქნება ხვალ. ჩვენ დამოკიდებული ვართ თხილის გადამამუშავებელ ქარხნებზე. ვფიქრობთ, რომ წელს ექნება ფასი“, - ამბობენ ისინი.

აგრონომი დემეტრე ლიპარტია ამბობს, რომ აგროღონისძიებების გატარებამ შედეგი გამოიღო და მოსვლის ხარისხი შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მისივე თქმით, წელს თხილის გულის დაზიანება, ძირითადად, ფაროსანამ გამოიწვია. მისი განმარტებით, კვერცხებიდან გამოსული ნიმფები, რამდენიმე დღეში ზრდასრულ ფაროსანებად იქცევიან და მათი შეწამვლა აუცილებელია. ლიპარტიას მტკიცებით, მათ შეუძლიათ უკვე ძირს დაყრილი მწიფე თხილისა და სიმინდის მოსავლის გაფუჭებაც.

„ვინც ხუთჯერ  მაინც ჩაატარა წამლობა აქვს იდეალური შედეგი. სოკოვანი დაავადების მიერ თხილის დაზიანება საერთოდ არ შეიმჩნევა, მაგრამ იმათ ვისაც არ შეწამლავთ,  ან 1-2-ჯერ შეწამლეს, ცუდი შედეგი აქვთ.  უნდა მოხდეს, გეგმაზომიერ წამლობა, რაც ფერმერს ჰექტარზე გაანგარიშებით 700 დან 1000 ლარამდე უჯდება”, - ამბობს აგრონომი.

თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის წევრი და კომპანიების Nutex/Nutsge-ის დამფუძნებელი მამუკა ბერიაშვილი, ამ ბიზნესით დაკავებული სხვა ადამიანების მსგავსად ამბობს, რომ მოსავლის ხარისხი შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესებულია. მისი თქმით,  ისინი ხარისხს თურქული და ევროპული სტანდარტების მიხედვით ამოწმებენ და არა ისე, როგორც ამას თხილის ჩამბარებელ პუნქტებში აკეთებენ.

„რამდენია კარგი და რამდენია ცუდი ამის მიხედვით არ ვამოწმებთ ჩვენ. კრიტერიუმები სხვადასხვა გვარია, მაგალითად, როგორია მისი ტენიანობა, ფარული სიდამპლე, გამოსავლიანობა, სიდამწვრე და ა.შ. ამ ეტაპზე საუკეთესო თხილის ფასი 2 ლარია“, - ამბობს ბერიაშვილი.

რაც შეეხება ფასს, ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი ამბობს, რომ თხილის ფასს მსოფლიო ბაზარი განსაზღვრავს და ამ ეტაპზე უჭირს იმის თქმა თუ რა იქნება მისი საბოლოო ღირებულება. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მავნებლის პოპულაცია შარშანდელთან შედარებით შემცირებულია და ფერმერებს მოუწოდებენ რომ, მაქსიმალური შედეგის მისაღწევად აქტიურად ჩაერთონ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

მათივე ცნობით, დღეის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით 310 ათასზე მეტი ჰექტარი, სატრაქტორე აგრეგატით - 10 ათასამდე ჰექტარი საყანე ფართობი, ხოლო   „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების გამოყენებით (ცივი შესხურებით) –  18 ათასზე მეტი ჰექტარი დამუშავებულია.




Print