ახალი ამბები
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშირდება (ვიდეო)
მოძრაობა „ქალები მშვიდობისთვის“ ლიდერი ლალი ანთია ე.წ. „მილების საქმეს“ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს ედიშერ თოლორაიას უკავშირებს. ამის შესახებ მან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ის მილებთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ გაამართლა, თუმცა აღნიშნულ საკითხს საზოგადოებას მაინც მას უკავშირებს.

„მე ისევ და ისევ ვარ ტერორის ქვეშ. საზოგადოება ისევ ჩემზე საუბრობს, როდესაც მე უზენაესმა სასამართლომ გამამართლა. ეს მოხდა სრულიად მოულოდნელად, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოზე იყო ზეწოლა პროკურატურისა და ხელისუფლების მხრიდან. მე ვუთხარი ედიშერ თოლორაიას, რომ  სააგენტოები თუ ისევ გააგრძელებენ ჩემზე წერას და რაღაც სურათების დადებას, მე ამ განცხადებას გავაკეთებმეთქი. თოლორაიას მივეცი ერთი კვირა, რომ გამოსულიყო და ეთქვა, რომ მე არაფერ შუაში არ ვიყავი. რადგან მან ხმა არ გამცა, გადავწყვიტე გამეკეთებინა ეს განცხადება. ედიშერ თოლორაია არის თავში და ბოლოში  ამ მილებთან დაკავშირებით. მე არ მინდოდა მისთვის რეპუტაცია შემელახა, მაგრამ რადგან მე ასეთ მორალურ ტერორში ვიმყოფები და ყოველდღე ქურდს მეძახიან. უკვე არ დავთმობ პოზიციას, მე ყველა დეტალი შესწავლილი და გამოძიებული მაქვს“ , - ამბობს ანთია.

ამ საქმეზე ყოფილი ბრალდებული ამბობს, რომ ის ამ საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას უახლოეს მომავალში მიმართავს. ის სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ლევან შონიას, პოლიციის სამმართველოს მაშინდელ ხელმძღვანელის და ედიშერ თოლორაიას დაკითხვას ითხოვს.

„დაკითხონ ეს ადამიანები. მე, რომ გავმართლდი ვიღაცამ ხომ უნდა აგოს პასუხი. რატომ არ იძიებენ, რატომ არ არიან ამ საქმით დაინტერესებული?? დაყარეს აქ ეს მილები. ტრაილერები დატვირთეს და გაუშვეს თბილისში, მერე ისევ გამოიძახეს უკან. სამხარეო პოლიციის წინ ხდებოდა ეს ამბავი. ტრაილერებს მიაცილებდა საპატრულო პოლიცია. ლალი ანთიას სად ჰქონდა ამდენი შესაძლებლობა“, - თქვა მან.

რადიო „ათინათმა“ ბრალდებების ადრესატთან დაკავშირება ვერ შეძლო. ედიშერ თოლორაიას ბიუროში ამბობენ, რომ აღნიშნულ საქმესთან მაჟორიტარს კავშირი არა აქვს და დეპუტატმა ამაზე არაერთხელ ისაუბრა.

სოფელ რიყიდან სასმელი წყლის 3 კმ-მდე სიგრძის მილი, 2013 წლის დეკემბერში თვითნებურად ამოიღეს. ამჟამად აღნიშნულ საქმეზე  ორი ადამიანი იხდის სასჯელს.


Print