ახალი ამბები
მკვლელობის დაფარვის ბრალდებით წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომელი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის  და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს. 1962 წელს დაბადებულ რ.დ-ს,  1991 წელს დაბადებულ გ.კ-ს და წალენჯიხის რაიონული საკრებულოს თანამშრომელს, 1971 წელს დაბადებულ უ. მ-ს ბრალად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა ედებათ. რაც შეეხება 1994 წელს დაბადებულ რ. კ-ს, მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

საქმე  ელიას უბანზე,  ჟონეთის ქუჩაზე 12 ივლისს მომხდარ მკვლელობას ეხება. 22 წლის გევორქ სარქისიანის რამდენიმე ადამიანმა ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ის  საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

შს ინფორმაციით, დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.დ. და გ.კ. მიმდინარე წლის 12 ივლისს თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე მომხდარი გ.ს.-ს მკვლელობის ფაქტის შესახებ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდნენ. მათ იცოდნენ მომხდარი მკვლელობის დეტალები, თუმცა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, აღნიშნული ინფორმაცია სამართალდამცველებს არ შეატყობინეს და ბრალდებულს მიმალვაში შეუწყეს ხელი. მათი დახმარებით, გ.ს.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული და ამჟამად ძებნილი ე.მ. წალენჯიხაში ჩავიდა და უ. მ.-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში 2 დღის განმავლობაში იმალებოდა. იგი უ. მ.-ს დახმარებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ფარულად გადასვლას გეგმავდა. პოლიციამ რ.დ. და გ.კ. თბილისში, ხოლო უ. მ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წალენჯიხაში დააკავეს. სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, რ. კ. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაუსწრებლად იქნა მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც მასზე ძებნა გამოცხადდა. პოლიციამ იგი მესტიაში დააკავა. რ. კ. მკვლელობის დროს ე.მ.-სთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, მკვლელობის შემდეგ კი მიიმალა და მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა“, -ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

Print