ახალი ამბები
ზუგდიდში "აგრიჯორჯიას" თხილის პლანტაციაში მუშა გარდაიცვალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, კომპანია "აგრიჯორჯიას" თხილის პლანტაციაში მუშა დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის წარმომადგენლებმა რადიო „ათინათს“ დაუდასტურეს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრიათ.

„არაფერი არ ვიცი. ადგილზე არ ვიყავი და ახლა მივდივარ, რომ მეც გავერკვე სიტუაციაში“, - გვითხრა კომპანიის წარმომადგენელი.

67 წლის მამაკაცის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მისი ოჯახის წევრების ინფორმაციით, გარდაცვლილს პლანტაციაში მუშაობის დროს ტრაქტორი დაეჯახა.

„წლებია იქ, რომ მუშაობს . ისეთი მუშა იქ არ ყავდათ. სხვის საქმესაც ის აკეთებდა. ყველაფერი იქ არის, ხომ დაინახავდნენ ვიდეოკამერიდან. 20 წუთიანი შესვენება ყოფილა. მამკაცები წასულან, ამას კი თავისი ურიკა მიჰქონდა. შიგნით ტრაქტორები ისე დარბიან ამხელა კაცი ვერ ნახა გაიარა უცებ და რა მოხვდა არ ვიცი , ადგილზე გარდაიცვალა“, - ამბობს გარდაცვლილის და.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 
Print