ახალი ამბები
"აგრიჯორჯია" : კომპანიამ საქმიანობა დროებით შეაჩერა
ზუგდიდში შპს „აგრიჯორჯიას“ ჭითაწყარის ბაზაზე მოსავლის აღებისას მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანიამ მუშაობა რამდენიმე დღით შეაჩერა. როგორც რადიო „ათინათს“ შპს-ს  წარმომადგენელმა მერაბ ჭითანავამ უთხრა, შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს , თუმცა დეტალების გარკვევას ისინი პოლიციასთან ერთად ცდილობენ.

„უბედური შემთხვევის თვითმხილველი არ გვყავს. ინტენსიურად ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, რომ საქმის დეტალები გაირკვეს. თვითონ გარდაცვლილი როგორც აღმოჩნდა ტრაქტორების სავალ ნაწილზე იყო.  კომპანია „აგრიჯორჯია“ და ყველა მისი თანამშრომელი გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მომხდართან დაკავშირებით. კომპანიამ შეაჩერა მუშაობა მისი ხსოვნისათვის პატივის მისაგებად“, - აცხადებენ „აგრიჯორჯიაში“

შპს "აგრიჯორჯიას" თხილის პლანტაციაში  გუშინ 67 წლის მამაკაცი დაიღუპა. მისი ოჯახის ინფორმაციით, მას ტრაქტორი დაეჯახა. მათივე თქმით, პლანტაციაში მტვერია და ტექნიკა სწრაფად  მოძრაობს, რასაც კომპანიის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან.

„მტვერი შეიძლება იყო, მაგრამ ის რომ ტექნიკა დიდი სიჩქარით მოძრაობს, ვერ დავეთანხმები“, - თქვა მერაბ ჭითანავამ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:


ზუგდიდში "აგრიჯორჯიას" თხილის პლანტაციაში მუშა გარდაიცვალა
Print