ახალი ამბები
წინასაარჩევო კამპანია ხვალიდან ოფიცილურად დაიწყება
წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაცია 29 ოქტომბრიდან ოფიციალურად იწყება. შესაბამისად, ხვალიდან ძალაში ის წესები, სტანდარტები და შეზღუდვები შედის, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების, კანდიდატების, საჯარო მოხელეების, ადგილობრივი თვითმმართველობების, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მედიისთვის არის დადგენილი.

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების მომენტიდან პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტების კანდიდატები თანასწორი უფლებებით სარგებლობენ და თანაბარი ვალდებულებები აკისრიათ.

მათ უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრების, საჯარო დებატების და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებაში და უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ასევე ვალდებული არიან, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან ხუთი დღის ვადაში იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა შეადგინონ, სადაც შესაძლებელია წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდეს და გადასცენ ის საოლქო საარჩევნო კომისიას.

აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში: - საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში, სასამართლოებსა და სამხედრო ნაწილები.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება. ქვეყნის პრეზიდენტს მოსახლეობა პირდაპირი წესით აირჩევს.

Print