ახალი ამბები
საქართველოს და უკრაინას შორის მიმოსვლა ID ბარათებით იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ორივე ქვეყანაში მხოლოდ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით შევლენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმში მოვიძიოთ ახალი პოტენციალი და მოვახდინოთ საქართველოს გეოგრაფიული უპირატესობის უფრო სრულფასოვანი რეალიზაცია. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე, ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების მქონეებს უფლება ექნებათ ორივე ქვეყანაში იმოგზაურონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ. ეს დაეხმარება ტურიზმის განვითარებას, ისევე როგორც ზოგადად ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას", - განაცხადა პრემიერმა.

ბახტაძის თქმით, ასეთივე მიდგომის გამოყენება იგეგმება სხვა ქვეყნებთანაც, რის შესახებაც მომავალში ისაუბრებს.



Print