ახალი ამბები
ენგურის ხიდზე ავტობუსებს აფხაზურ გამშვებ პუნქტამდე მისვლა აეკრძალათ
ზუგდიდიდან ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მოძრავ მიკროავტობუსებს, აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით, მგზავრების გამშვებ პუნქტამდე ახლოს მიყვანა აეკრძალათ. გალის რაიონის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმაციით, მიკროავტობუსებს ისინი ხიდის შუა ნაწილამდე მიჰყავთ, ხოლო შემდგომ ფეხით გადაადგილდებიან. ამბობენ, რომ ეს მათ პრობლემას უქმნის, რადგან მძიმე ტვირთის გადატანა ხელით უწევთ.

„ორი კვირის წინ გადმოვედით, ნახევარი ხიდი თითქმის ფეხით გამოვიარეთ და მერე ჩავსხედით მარშუტკაში. დღესაც ასე მოგვიწევს წასვლა... პრობლემა იმათთვის არის ვისაც ტვირთი მიაქვს. საზღვრამდე მხოლოდ ერთი მარშუტკა მიდის, თუმცა იქ ადგილი თითქმის არასოდეს არ არის“, - ამბობენ ისინი.

მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც აღნიშნული მიმართულებით მოძრაობს, ამბობს რომ „საგუშაგომდე“ მისვლა, დაახლოებით, ერთი თვის წინ აუკრძალეს, თუმცა მიზეზი მისთვის დღემდე უცნობია.

„მიზეზი არ ვიცით, ჩვენ ვინ გვეტყვის. ასეთია მათი სურვილი და ჩვენც სანამდეც გვაქვს საშუალება იქამდე მიგვყავს მგზავრები. არც ის ვიცით ეს დროებითია თუ ასე იქნება სულ“, - თქვა მან.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  წარმომადგენლის ალექსანდრე ჩიკვაიძის თქმით, აღნიშნული პრობლემის შესახებ მათთვის ცნობილია, თუმცა არ ფლობენ ინფორმაციას რა მიზეზით აეკრძალათ მიკროავტობუსების მძღოლებს „საზღვრამდე“ მისვლა.

რამდენიმე თვის წინ ხალხი ხიდზე ოთხთვალა ურმებს გადაჰყავდა, თუმცა ისინი მიკროავტობუსებმა ჩაანაცვლა. მათ ენგურის ხიდის გარდა, გალის რამდენიმე სოფელშიც შეეძლოთ შესვლა.  დღეს აღნიშნულ საზღვრამდე მგზავრების მიყვანა მხოლოდ 2016 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დახმარებით დანიშნულ 10 ადგილიან, უფასო მიკროავტობუსს შეუძლია, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდე ყოველ  ნახევარ საათში ერთხელ მიდის.


Print