ახალი ამბები
რაულ ხაჯიმბა ბაშარ ასადს: სირიის მიერ ჩვენი აღიარება გაბედული ნაბიჯი იყო
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და სირიის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტებს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, წერს „აბხაზია ინფორმი“. ბაშარ ასადმა რაულ ხაჯიმბას „დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებები, რომლებსაც შეხვედრის ფარგლებში მოეწერება ხელი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება აფხაზურ-სირიულ ურთიერთობებში“.

თავის მხრივ, რაულ ხაჯიმბამ სირიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ „აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება სირიის არაბული რესპუბლიკის და სირიის ხელმძღვანელობის მხრიდან გაბედული ნაბიჯი იყო“. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელისუფლებო ჯარები, მხარს უჭერენ სირიის ხალხის მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას.

გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე ხელი მოეწერა სოხუმსა და დამასკოს შორის ურთიერთმეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას.

რაულ ხაჯიმბა ოფიციალური ვიზიტით სირიის არაბულ რესპუბლიკაში გუშინ ჩავიდა. მასთან ერთად აფხაზურ დელეგაციაში არიან „პრემიერ - მინისტრი გენადი გაგულია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბესლან ბარციცი, უშიშროების საბჭოს მდივანი მუხამედ კილბა, საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, თავდაცვის მინისტრი მირაბ ქიშმარია და ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა“.

Print