ახალი ამბები
ნოჯიხევში საძოვრების გასხვისება გააპროტესტეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში ადგილობრივები საძოვრების გასხვისებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების

თქმით, მესაქონლეობა მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა და  ხელისუფლება თუ ზომებს არ მიიღებს, სოფელი დაცარიელდება. ამასთან, მოსახლეობა ამბობს, საძოვრების შემოღობვის შემდეგ მეზობელ სოფელთან დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტება.

თავის მხრივ, რადიო "ათინათს" ხობის მერიაში უთხრეს, რომ აღნიშნული ტერიტორია არა საძოვარი, არამედ  ჩაის პლანტაცია იყო, რომელიც კომპანიამ "KTW" (კახური ტრადიციული მეღვინეობა)  შეისყიდა. რაც შეეხება მეზობელ სოფელთან დამაკავშირებელ გზას, მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ანტონ ვარდია ამბობს, რომ მოსახლეობა გზის გარეშე არ დარჩება.

"აღნიშნული ტერიტორია იყო გავერანებული ჩაის პლანტაცია, რომელიც 200 ათასად იყიდა კომპანიამ "KTW". მას აქვს ვალდებულება, რომ იქ გააშენოს თხილის პლანტაცია და ჩადოს 2 მილიონის ოდენობის ინვესტიცია ", - აღნიშნა ვარდიამ.


 

Print