ახალი ამბები
ორსანტიაში სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა
ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯარო სკოლის ეზოში, სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა და წარჩინებულ მოსწავლეებს სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადაეცათ. ბიბლიოთეკა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ააიპ „1 ეკვილიბრიუმის“ მიერ ინიცირებული პროექტის ,,კულტურა საზღვრებს გარეშე" ფარგლებში მოეწყო. პროექტის მიზანი ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებში წიგნიერების დონის ამაღლება და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეების შექმნაა. სკოლის ეზოში განთავსებული მინი ბიბლიოთეკით (ე.წ. „წიგნის ბუდე“) სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ, პოეტმა და ლიტერატურათმცოდნე ზაალ ჩხეიძემ და სსიპ კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერმა ესმა მანიამ ლექციები წაიკითხეს.

ასევე მოეწყო, ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენება. ღონისძიება სანდრო ნიკოლაძის მუსიკალური ბენდ „Space Board-”ის კონცერტით დაიხურა.

ბიბლიოთეკის გახსნას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ ,,ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.


Print