ახალი ამბები
მოგზაურობა პიანინოსთან ერთად და აფხაზეთისთვის მიძღვნილი კონცერტი ენგურის ხიდზე (ვიდეო)
სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან ახალგაზრდა პიანისტმა კონცერტი გამართა. დავით ალადაშვილმა აფხაზეთისთვის დაუკრა და სჯერა, რომ მომავალში კონცერტს სოხუმსა და სამაჩაბლოში ჩაატარებს.

„ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით პიანინოსთან ერთად ვიმოგზაურეთ. დღევანდელი მოცემულობით რამდენიმე ყალბი საზღვარი გვაქვს... სწორედ ამას ეხმაურება დღევანდელი დღე. ამაღელვებელია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის, რომ ენგურის ხიდთან ჩავატარეთ კონცერტი. ზუსტად ვიცი და მჯერა, რომ უახლოეს მომავალში ამ საზღვრებს გადავლახავთ და სოხუმსა და სამაჩაბლოში ჩავატარებთ კონცერტს. მჯერა, რომ ძალიან მალე გვექნება ერთიანი და ძლიერი საქართველო“, - აღნიშნა ალადაშვილმა.

მან რამდენიმე უცხოური კომპოზიცია, მათ შორის, შოპენის პოლონეზი შეასრულა, რომელიც ქართველ გმირებს მიუძღვნა.

„ამ ტურნეს ფარგლებში ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. კახეთში, როდესაც ვმართავდი კონცერტს, ახალგაზრდა ბიჭი ამოვიდა სცენაზე და თავისი ნაწარმოები დაუკრა, რომელიც მან არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას მიუძღვნა. ძალიან ამაღელვებელი იყო ეს ჩემთვის, რომ 19 წლის ქართველს აქვს პატრიოტიზმის გრძნობა და თანაც არის გენიალური მუსიკოსი“, - თქვა პიანისტმა.

დავით ალადაშვილი მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელი საქართველოს მასშტაბით მოგზაურობს. ღონისძიება კომპანია "მაგთის" ხელშეწყობით იმართება.

Print