ახალი ამბები
ზუგდიდში ნაპოვნ ბავშვზე პასუხისმგებლობა სოციალურმა სამსახურმა აიღო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან ნაპოვნ ბავშვზე პასუხისმგებლობა სოციალური მომსახურეობის სააგენტომ აიღო. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის იურისტმა უტა მიქაძემ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ჩვილი ამჟამად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია, თუმცა საავადმყოფოდან გაყვანის შემდეგ მას დროებით მინდობით აღმზრდელ მშობელს გადასცემენ.

„ჩვენ  მივმართავთ პოლიციას ბავშვის ბიოლოგიური მშობლების დასადგენად. თუ 6 კვირის განმავლობაში მათი ვინაობა ვერ დადგინდა, უკვე სასამართლოს მივმართავთ, რომ მას მიტოვებულის სტატუსი მიენიჭოს. სტატუსის მინიჭების შემდეგ კი გაშვილების პროცედურები დაიწყება“, - აღნიშნა მიქაძემ.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის რამდენიმე დღე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში წურწუმიების სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს. შს სამინისტრომ გამოძიება 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

სოფელ კახათში ახალშობილი იპოვეს
Print