ახალი ამბები
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" განცხადება ზუგდიდის მერის გადადგომასთან დაკავშირებით
არასამთავრებო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ზუგდიდში მერის ლაშა გოგიასა და ვიცე-მერის გია გულორდავას გადადგომას ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოში დღეს მაღალია კორუფციის რისკი არსებობს, ხოლო სახელმწიფოს კი დანაშაულის პრევენციისა და მასზე რეაგირების ეფექტური მექანიზმები არ აქვს.

„12 სექტემბერს ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა თანამდებობიდან გადადგნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მიერ ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, ზუგდიდის მერსა და ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას შორის სავარაუდოდ ქრთამის სანაცვლოდ ქონების გადაცემაზეა საუბარი.ამ შემთხვევებს წინ უსწრებდა 2018 წლის ივლისში მოულოდნელი სამთავრობო ცვლილებები, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თანამდებობები დატოვეს. აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაზე მიმდინარე გამოძიების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე (რომელმაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა უფრო ადრე, 2018 წლის 30 მარტს დატოვა) გამოკითხვაზე დაიბარეს. თუმცა, საზოგადოებისთვის ეს ამბავი მხოლოდ მათ მიერ პოსტების დატოვების შემდეგ გახდა ცნობილი.

აღნიშნული შემთხვევები იმის დასტურია, რომ საქართველოში დღეს მაღალია კორუფციის რისკი ბიზნესისა და ხელისუფლების ურთიერთქმედების პროცესში. აუცილებელია კორუფციული დანაშაულის გამოძიებასა და პრევენციაზე პასუხისმგებელი უწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოეყოს, რაზეც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც საუბრობენ. ასეთი უწყება ცალკე, დამოუკიდებელ ინსტიტუტად უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე და ექნება სათანადო ინსტიტუციური, ფინანსური და ადამიანური რესურსი“,- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ზუგდიდის ყოფილი მერის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. მანამდე გოგია სუს-ში ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა. უწყებაში ამ დრომდე იკითხება თანამდებობიდან გადამდგარი ვიცე მერი გია გულორდავა.

ამავე თემაზე:

არასამთავრობოები: მოსახლეობამ უნდა იცოდეს მერის გადადგომის მიზეზები
Print