ახალი ამბები
ენმ მამუკა წოწერიას გადადგომას მოითხოვს
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას და მერიის სხვა მაღალი თანამდებობის პირების გადადგომას ითხოვენ. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. წითლიძე ამბობს, რომ ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას და ვიცე მერის გია გულორდავას მონაწილეობა კორუფციულ გარიგებებში პირველი არ არის და მათთან ერთად პასუხისმგებლობას საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას აკისრებს. წითლიძის მტკიცებით, ყველამ კორუფციული სქემის შესახებ იცოდა წოწერიამ და საკრებულოს უმრავლესობამ.

"არაერთი განცხადება გაგვიკეთებია მერის, ვიცე მერის და ყოფილი გუბერნატორის კორუფციული გარიგებების შესახებ. ვთვლით, რომ ბიზნესმენ კვირკვიას საქმე არ არის ერთადერთი საქმე, რაშიც ესენი მონაწილეობდნენ და არსებობს მთელი რიგი გახმაურებული საქმეები, რაზეც შეტანილი გვაქვს განცხადებები სუს-ში, ფინანსურში და პროკურატურაში. ეს საკითხები იყო: "ატკატები", ტენდერები, აუქციონები, ფილების საქმე, ზუგდიდის ბაზრის, ყინულის სახლის და სხვა. საკითხებზე. პასუხი უნდა აგონ არამხოლოდ ყოფილმა მერმა და ვიცე-მერმა, არამედ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ. სწორედ წოწერია და საკრებულოს უმრავლესობა იყო ის ორგანო, რომელიც მერის ყველა გადაწყვეტილებას უპირობოდ უჭერდა მხარს. ვთვლით, რომ ყველა ეს კორუფციული სქემა ამ საკრებულომ გაიარა. უმრავლესობის წევრებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, გადადგეს საკრებულოს თავმჯდომარე, მერიის ყველა სამსახურის და ააიპ-ების ხელმძღვანელები უნდა გადადგნენ. გარდა ამისა, უნდა შეისწავლონ მათი საქმიანობა", - ამბობს ანა წითლიძე.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ამბობს, რომ ნებისმიერი საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მისი საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ ხდება. მისივე თქმით, ამა თუ იმ საკითხზე საკრებულომ ყველა პროცედურა გაიარა კანონის გათვალისწინებით.

"ჩემს პასუხისმგებლობას და ნებისმიერი საკრებულოს წევრი პასუხისმგებლობას ვხედავთ იმაში, რომ ნებისმიერი საქმიანიბა განხორციელდეს კანონის ფარგლებში. მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ყველაფერი არის კანონიერი. ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას", - განმარტა წოწერიამ.

ზუგდიდში, ე.წ. გულუას პარკის მიმდებარე ტერიტორიის (დაახლოებით, 1 500 კვადრატული მეტრი) გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება 6 ივლისს მიიღო. მაშინ აღნიშნულ საკითხს ოპოზიცონერმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. სწორედ ამ ტერიტორიაზეა საუბარი "რუსთავი-2 "-ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში. ჩანაწერის მიხედვით, ლაშა გოგიას და ვიცე-მერს გია გულორდავას ბიზნესმენი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მათთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას თხოვს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერია მუნიციპალურ ქონებას ყიდის
Print