ახალი ამბები
გიგა მაქარაშვილი ზუგდიდშია (ვიდეო)
თბილისიდან ენგურის ხიდამდე მომავალ გიგა მაქარაშვილს გზადაგზა მოსახლეობა და სკოლის მოსწავლეები შეძახილით #არგაჩერდეგიგა დახვდნენ. მაქარაშვილი დედაქალაქიდან ფეხით, დაახლოებით, ორი კვირის წინ გამოემართა და ზუგდიდში რამდენიმე წუთის წინ შემოვიდა. ოკუპაციის გასაპროტესტებლად მომავალ აქტივისტს ბავშვები ჯერ სოფელ ჭითაწყარის სკოლასთან დახვდნენ, შემდგომ კი ქალაქის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაამხნევეს. მას გზაზე მოძრავი ავტომანქანებიდან მძღოლები და მგზავრებიც ესალმებოდნენ.

„თითქმის მთელი საქართველო გამოვიარე და ყველაზე მეტად ველოდებოდი ზუგდიდში შემოსვლას. ზუგდიდი იყო ყოველთვის მუხტი და ემოციური საწყისი ყველა პროცესის. შემოსასვლელში ბავშვები დამხვდნენ. მთელი სკოლა გარეთ იყო და გიგა არ გაჩერდეს ყვიროდნენ. ყველაზე ახლოს არის ეს ქალაქი საოკუპაციო ხაზთან და მათ ყველაზე კარგად იციან ეს ტკივილი. ბევრნი ვართ უკვე. ხვალ, სოხუმის დაცემის დღეს მივალთ ენგურის ხიდზე და ვაჩვენებთ ჩვენს აფხაზ ძმებს, რომ დრომ ვერ განკურნა ოკუპაცია. სანამ ჩვენი აფხაზი ძმები არ მიხვდებიან, რომ რუსეთი მათთვის უფრო მეტად ოკუპანტია, ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება არ იქნება. ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენთან უკეთესია“, - თქვა გიგა მაქარაშვილმა.

მაქარაშვილი ხვალ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს შეხვდება და ოკუპაციას, ზუგდიდელებთან ერთად, გააპროტესტებს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდელი ბავშვები გიგა მაქარაშვილს შეძახილებით #არგაჩერდე დახვდნენ
Print