ახალი ამბები
ხობელები, რომლებიც ისრაელში არ შეუშვეს, საქართველოში დღეს დაბრუნდებიან
საქართველოს ოთხი მოქალაქე, რომელიც ისრაელში არ შეუშვეს სადეპორტაციო ცენტრში არიან გადაყვანილები და ისინი სამშობლოში  დღეს გამოემგზავრებიან. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.  

"აღნიშნულ პირებს ისრაელში შესვლაზე უარი უთხრა ისრაელის მიგრაციის სამსახურმა. როგორც კონსულს ისრაელის შესაბამის სამსახურში განუცხადეს, საქართველოს ოთხივე მოქალაქე გადაიყვანეს სადეპორტაციო ცენტრში და დღეს გამოემგზავრებიან სამშობლოში. რაც შეეხება სადეპორტაციო დაწესებულების პირობებს, როგორც ისრაელის მხარე აცხადებს, იგი თანაბარია ყველასთვის და საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში გადამეტებული მოპყრობის ფაქტი არ ყოფილა", - ამბობენ უწყებაში.

აღნიშნული პირები ხობის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები არიან. ისინი ამჟამად კუთვნილ შვებულებაში იმყოფებიან. მერის მოადგილის, ვარაზ გაბედავას თქმით, თანამშრომლების დაკავების შესახებ მედიის საშუალებით გაიგო და დეტალები არ იცის.

"ეს თანამშრომლები იყვნენ შვებულებაში და ისე წავიდნენ, როგორც ტურისტები. შემდეგ იქ რა მოხდა, არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. მე როგორც ვიცი, ჩვენ ორ თანამშრომელს შეექმნა პრობლემა, სხვა არ ვიცი ", - აღნიშნა  ვარაზ გაბედავამ.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შვებულებით ამ დროისთვის 14 თანამშრომელი სარგებლობს.


Print