ახალი ამბები
გუბერნატორის მოადგილეს ზუგდიდის მერიამ ავტომობილი ათხოვა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს ნინო ვიბლიანს ზუგდიდის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილი უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით გადაეცა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.  საკითხს მხარი "ევროპული საქართველოს" წევრებმა არ დაუჭირეს.  ფრაქციის თავმჯდომარის ბათლომე შელიას თქმით, უმჯობესი იქნებოდა, თუ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას თავად მუნიციპალიტეტის გამოიყენებდა.


alt

"ზუგდიდს თვითონვე სჭირდება თავის ბალანსზე არსებული მანქანა. ახლა მხოლოდ მერის მოვალეობის შემსრულებელი გვყავს, თუმცა, მაისში ხომ ისევ დასჭირდება მერიას ამავე რაოდენობის ავტომობილი... სხვა მუნიციპალიტეტებს შეეძლოთ ეთხოვებინათ სამხარეო ადმინისტრაციისთვის. მით უმეტეს, რომ მისი შენახვა, ცვეთა, დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული", - აღნიშნა ფრაქციის წევრმა ირაკლი ღურწკაიამ.

საკრებულოს თავმდჯომარე მამუკა წოწერიამ განმარტა, რომ ნინო ვიბლიანისთვის, რომელიც უმეტესად ზემო სვანეთში საქმიანობს, მანქანის გადაცემა გუბერნიის მუშაობაში ხელშეწყობაა.

alt

"სამხარეო ადმინისტრაციამ მოგვმართა თხოვნით, რომ ერთი წლით გადაგვეცა მაღალი გამავლობის მქონე ავტომობილი. ამ ეტაპზე გვქონდა ამის რესურსი და ვათხოვეთ. სანამ გუბერნიის სარგებლობაშია, ხარჯებსაც, თავისთავად, გუბერნია აანაზღაურებს. მუნიციპალიტეტი ამით არავითარ ზარალს არ ნახავს", - თქვა საკრებულოს ეკონომიკის,ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ლაგვილავამ.

ტოიოტას (Toyota Land Cruiser) მარკის ავტომობილი, რომლითაც მერის მოადგილე მაიზერ ნანავა სარგებლობდა, გუბერნატორის მოადგილე ერთი წლით ისარგებლებს.


Print