ახალი ამბები
ფორუმი მეთხილეობის განვითარებაზე - „კარტლისის“ შეხვედრა ანაკლიაში (ვიდეო)
კომპანია „კარტლისის“ ორგანიზებით ანაკლიაში "საქართველოს მეთხილეობის დარგის განვითარების ფორუმი" გაიმართა. შეხვედრას, რომელსაც კომპანიის სპეციალისტები და აგრონომ-კონსულტანტები უძღვებოდნენ, სურსათის უვნებლობის სააგენტოს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი ფერმერები დაესწრნენ. შეკრებილებმა „კარტლისის“ მიერ თხილის მავნებლის, ფაროსანას, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა იოსებ მეფარიშვილმა აღნიშნა, „კარტლისის“ დახმარებით ფერმერების დიდმა ნაწილმა წელს მოსავლის კარგი შედეგი მიიღო. მან აქვე აღნიშნა, რომ ისინი სპეციალისტების მიერ შედგენილი სქემით ხელმძღვანელობდნენ.
alt

„დღევანდელი ფორუმი იყო სამუშაო ფორმატის, სადაც ფერმერებმა გამოხატეს თავიანი აზრი, დასვეს კითხვები და ისაუბრეს თავიან გამოცდილებაზე. ჩვენმა კომპანიამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ წლევანდელი მოსავალი ყოფილიყო უფრო ხარისხიანი. იმ ფერმერებმა ვინც ზედმიწევნით შეასრულა ჩვენი მოვლის სქემები, შეძლეს ძალიან კარგი შედეგი მიეღოთ“, - აღნიშნა მეფარიშვილმა.

ფორუმზე მოწვეულმა სტუმრებმა, ასევე ინფორმაცია მიიღეს „კარტლისის“ აკადემიის შესახებ, რომელიც გასულ წელს დაფუძნდა. აკადემიაში სასწავლო კურსი უკვე 400-მდე ფერმერმა გაიარა.

„ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ, ვნერგავთ სიახლეებს ჩვენი ფერმერებისთვის. ვუზიარებთ მათ ჩვენს 20 წლიან გამოცდილებას, რომელიც დაგვიგროვდა. ჩვენ შევქმენით „კარტლისლის“ აკადემია, სადაც ხდება ფერმერების გადამზადება. ჩვენი კომპანიის სპეციალისტები აქტიურად დადიოდნენ მათ ბაღებში და უშუალოდ ახდენდნენ მონიტორინგს. ჩვენი და აგრონომ-კონსულტანტები, ფერმერებს სისტემატიურად ხვდებიან და ჩართულები არიან პროცესებში,რაღა თქმა უნდა ეს ყველაფერი უფასოდ რადგან ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებელზე“, - თქვა მეფარიშვილმა.

alt

ერთ-ერთი ფერმერი, რომელსაც სოფელ დარჩელში თხილი პლანტაცი 5 ჰექტარამდე აქვს გაშენებული ამბობს, რომ გასულ წელთან შედერებით კარგი მოსავლი მიიღო. მისივე თქმით, მას ამაში „კარტლისის“ აკადემიაში მიღებული გამოცდილება დაეხმარა.

„შარშან ძალიან ცუდი მოსავალი იყო, რადგან არ შეგვიწამლავს. „კარტლისის“ აკადემიის შესახებ გავიგე სოციალური ქსელის მეშვეობით. წამლობა დავიწყეთ იმ სქემის მიხედვით, რაც კომპანიის სპეციალისტებმა შეიმუშავეს და ძალიან კარგი შედეგი გვაქვს“,- აღნიშნა მარი არნანიამ.

შეხვედრაზე მოსახლეობას ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ნიკა მესხის ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს. მის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით დამუშავებულია 710 000 კვ/მ ფართობი და წამლობა კვლავ გრძელდება, თუმცა ამბობენ, რომ ამ ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

„ამ ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა, რათა ჩვენ მექანიკური მეთოდებით ვებრძოლოთ მავნებელს სახლის პირობებში და ასევე, თავიანთ ბაღებსა და საკარმიდამო მონაკვეთებში. შეგვიძლია ჩვენს ბაღებში ვმართოთ ეს მავნებელი, თუმცა ამას სჭირდება სწორი მიდგომა, სწორი პრეპარატების სწორ დროს გამოყენებას“, - თქვა მესხმა.

სეს-ის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ფერმერებს აქვე მოუწოდეს, რომ გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები და გამოიყენონ ის პრეპარატები, რომელიც მათ სახელმწიფომ დაურიგა.

alt

ფორუმს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელიაც ესწრებოდა. მის თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ივლის კარდაკარ და მოსახლეობას მიაწვდის საჭირო ინფორმაციას. ამასთან, გუბერნატორმა აღნიშნა, რომ მოსახლეობა თხილის მავნებლების და დაავადებების კუთხით ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის.

„შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ვიქნები ჩართული პირადად მე და მერიის წარმომადგენლები. სპეციალისტებთან ერთად მაქსიმალურად მივაწვდით მოსახლეობას საჭირო ინფორმაციას. დავარიგებთ საინფორმაციო ბუკლეტებს, მივაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რის გაკეთება შეუძლია მას მავნებლებთან თუ სხვა დაავადებებთან საბრძოლველად“, - აღნიშნა შეხვედრაზე გუბერნატორმა.

ალექსანდრე მოწერელიას დარბაზში მყოფმა ფერმერების ნაწილმა კითხვები სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე დაუსვეს და ამასთან უთხრეს, რომ სახელმწიფოს მიერ ბოლო პერიოდში აზიური მავნებლის წინააღმდეგ განხორციელებული წამლობა არაეფექტური იყო. რაზეც მოწერელიამ უპასუხა, რომ არ მოსწონს მათი მიდგომები, როდესაც ისინი მხოლოდ სახელმწიფოსკენ იშვერენ ხელს.

შეხვედრას 200-მდე ფერმერი ესწრებოდა. მათ „კარტლისლისა“ და სახელმწიფოს წარმომადგენელს შეკითხვები დაუსვეს, შენიშვნები გაუზიარეს და მათ მიღწევებზეც ისაუბრეს.




Print