ახალი ამბები
ზუგდიდში სკოლის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების ნაწილი კვლავ გაფიცულია
ზუგდიდში, მეოთხე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოებზე დასაქმებული მუშების ნაწილი მეოთხე დღეა გაფიცულია. ისინი კუთვნილ ხელფასს ითხოვენ. ერთ-ერთმა მათგანმა - ლაშა ბარძემაშვილმა რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ამ დრომდე მათ არც ჩინური სამშენებლო კომპანია "ვეენდჯეეს" წარმომადგენელი და არც საქმის მწარმოებელი დაკავშირებია. სკოლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც გუშინ, გარკვეული დროის განმავლობაში შეფერხებული იყო, დღეს განახლდა. 

"როგორც კი ეს სიტუაცია შეიქმნა "პრარაბი" გაიქცა. არავინ დაგვკავშირებია. ჩვენ არ ვმუშაობთ, თუმცა სხვა ჯგუფი, ვისაც ხელფასი აღებული აქვს, დღეს აგრძელებს მუშაობას", - თქვა ბარძემაშვილმა.

ჩინური სამშენებლო კომპანიის "ვეენდჯეეს" წარმომადგენელი მარი კვერნაძე შექმნილ ვითარებას საქმის მწარმოებელს უკავშირებს და ამბობს, რომ მან ხელფასების უწყისი კომპანიას დაგვიანებით გაუგზავნა. მისივე თქმით, სხვა ობიექტებისგან განსხვავებით, ამ სკოლაში ანალოგიური პრობლემა ერთხელ უკვე წამოიჭრა და ეს მოერე შემთხვევა, რის გამოც საქმის მწარმოებელი სამსახურიდან დაითხოვეს. 

"სხვა ობიექტებისგან ჩვენ ეს მივიღეთ დროულად და მათ ჩაერიცხათ კუთვნილი ხელფასი. ამ ობიექტის "პრარაბმა" ეს უწყისი ჩვენ მოგვაწოდა მხოლოდ ორი დღის წინ, შესაბამისად 15 რიცხვში ვერ მიიღებდნენ თანხას", -აღნიშნა მან.

აღნიშნულ ობიექტზე მუშები გასულ თვესაც გაიფიცნენ.

Print