ახალი ამბები
გალში მცხოვრებლები არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აქტიურად გადმოდიან (ვიდეო)
გალის რაიონის სოფლების მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს. ისინი ენგურის ხიდით დილიდან აქტიურად გადმოდიან. ადგილობრივები რადიო "ათინათთან" საუბარში ამბობენ, რომ "საზღვრის" გადაკვეთისა პრობლემა არ შექმნიათ, თუმცა გამშვები პუნქტიდან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ფეხით უწევთ. მათი თქმით, დღეს ენგურის ხიდზე მხოლოდ ერთი - გაეროს მიერ დანიშნული მიკროავტობუსი მოძრაობს.

"დილით გადმოვედი ფეხით, იქითაც ასე მივდივარ. არჩევნებზეც მივიღე მონაწილეობა. იქიდან არანაირი შეზღუდვა არ არის, თუმცა აქ მხოლოდ ერთი მარშუტკა მოძრაობს, რომელიც უფასო არის. მის ლოდინს ფეხით დროულად გადასვლა გვირჩევნია", - თქვა მურთაზ გადელიამ.
გადმომსვლელების დიდმა ნაწილი, რომელმაც სახელის და გვარის დასახელება არ ისურვა, ამბობს, რომ კერძო მიკროავტობუსები არჩევნების გამო არ მუშაობენ.

"დილით გადმოვედი, აფხაზეთის საგუშაგოსთან ვიკითხე,რატომ არ დადიან მარშუტკები-მეთქი. იქ მითხრეს, ალბათ არჩევნების გამოო. სწორედ ამ არჩევნების გამო გადმოვედი დღეს", - ამბობს ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი.

საქართველოში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. 


Print