ახალი ამბები
სეს: მავნებლის რაოდენობა შემცირდა და მისი გეოგრაფიული არეალი ძველ საზღვრებში შენარჩუნდა
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები და შედეგები აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში შეაჯამეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად ჩატარდა. ამავე ცნობით, დასავლეთ საქართველოში-სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და ცივი შესხურებით, 780 ათასამდე ჰექტარი ფართობი დამუშავდა. ტყის პერიმეტრებზე დამონტაჟდა "მოიზიდე და განადგურე" სადგურები, რის შედეგადაც შემცირდა მავნებლის გავრცელება ტყის მასივებიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე.

alt

აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ შტაბში შეიქმნა მავნებელთან ბრძოლის სისტემა, რომელიც მონიტორინგსა და ანალიზზე დაფუძნებულ, კომლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ზურაბ ლიპარტია აღნიშნავს, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, უფრო მასშტაბური იყო.

„სახელმწიფოს მიერ, უპრეცედენტო მასშტაბის ღონისძიებები ჩატარდა სოფლების ტერიტორიებსა და სიმინდის ნათესების მასივებში. სტრატეგიულმა და სისტემურმა მიდგომამ რეგიონებში სიმინდის უხვი და მაღალი ხარისხის მოსავალი განაპირობა, აგრეთვე, მავნებლის რაოდენობის შემცირება და მისი გეოგრაფიული არეალის ძველ საზღვრებში შენარჩუნება“, - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.


ლიპარტიას ინფორმაციით, კვლევების შედეგად დადგინდა რომ თხილის მოსავალის დაზიანება დიდწილად განაპირობა სოკოვანმა და ბაქტერიულმა დაავადებებმა, რაზეც ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება.

Print