ახალი ამბები
ლალი ანთია: მეორე ტურში „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა გაიმარჯვოს (ვიდეო)
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისთვის“ დამფუძნებელი ლალი ანთია, მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მეორე ტურში ხმა არ მისცენ „ქართულ ოცნებას“ და მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს. ამის შესახებ მან ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ადრე ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, თუმცა ახლა მმართველი პარტიის წინააღმდეგ იბრძოლებს, რადგან მათ არც ერთი დანაპირები არ შეასრულეს.

„მე ვიცი, რომ არ ვიქნები არც გამგებელი, არც გუბერნატორი და არც პრეზიდენტი, მაგრამ მე მინდა, რომ ოცნებას ხმა არ მივცეთ და მხარი არ დავუჭიროთ. სალომე ზურაბიშვილი იგივე ოცნებაა. ყველაზე პირველმა ოცნებას მე დავუჭირე მხარი და  მე გადავეფარე ბიძინა ივანიშვილს. ავადმყოფობა რომ მაქვს დღეს და ვარ ამ მდგომარეობაში, ეს ყველაფერი მათი დამსახურებაა. მითხრან, რა დავაშავე მე, ჩემმა ოჯახმა. სახელმწიფო ბიუჯეტი მივითვისე? ტენდერებში მივიღეთ მონაწილეობა, რამე გავყიდეთ, ვიყიდეთ, გადავთხარეთ ეს ორმოები, თუ სარდაფში ჩავიყვანეთ ვინმე? სანამ ამას არ მეტყვიან, მე ვიქნები პირველი დაუძინებელი მტერი.  მე პირადად კი არა, ყველა ნაწყენია, ჩემს გარშემო ვინცაა. არა „ქართულ ოცნებას!“, - ამბობს ლალი ანთია.

მისივე ინფორმაციით, სოფელ ოდიშის #57 საარჩევნო უბანზე კარუსელი დაატრიალეს. გაყალბებაში ანთია ამავე სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს სოსო გოგოხიას ადანაშაულებს. მისი თქმით, ე.წ კარუსელის მეშვეობით აღნიშნულ უბანზე მათ 50 ხმის ჩაგდება მოახერხეს. გარდა ამისა, კომისიის თავმჯდომარე ნაირა ბახტაძე მათ ემუქრებოდა.



„57 უბანზე ვიყავი დამკვირვებელი, როგორც ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ჩვენი ძალისხმევით და ჩხუბით ვერ მოახერხეს მეტი ხმის ჩაგდება. კომისიის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები ფიქრობდნენ ტოტალურად გაეყალბებინათ არჩევნები. მოძრაობდა ერთი ბიულეტენი, რომელიც გარეთ გაიტანეს და ხელიდან გამოვგლიჯეთ. საჩივრის დაწერას არ ჰქონდა აზრი, საჩივრის დაწერა არის ჩვენი დაცინვა. თავმჯდომარე გვაყენებდა შეურაცხყოფას, გვაშინებდა და გვემუქრებოდა, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბიძაშვილი ვარო. სოსო გოგოხიასთვის იყო დავალებული, რადგან 120 ხმა აკლდებოდათ. მას ვალდებულება ჰქონდა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ ლაშა გოგიასთან, რადგან ჩართულია ტენდერებში. ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდელებს მაშინ დასცინა, როდესაც ქრთამის აღებაში მხილებული გოგია ისევ თანამდებობაზე მოიყვანა“, - ამბობს ანთია.

სოფელ ოდიშის დეპუტატი  სოსო გოგოხია, ლალი ანთიას, ბრალდებას უარყოფს.

„მე სადაც ვარ იქ, გაყალბება კი არა, ტყუილი არ ითქმის და ეს მანამდე იქნება ასე,სანამდეც მე ვიქნები ოდიშში“, - თქვა გოგოხიამ.

რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარეს, მას რადიო „ათინათი“ ვერ დაუკავშირდა.

ლალი ანთია უახლოეს დღეებში ჟურნალისტებისთვის დისკის გადაცემას აპირებს, რომელიც მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის „ნაცონალურ მოძრაობასთან" კავშირს ამტკიცებს.



Print