ახალი ამბები
ნიკა ლაშხიას წიგნის "დონორის" წარდგენა - ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში, გამომცემლობა "ინტელექტის"ორგანიზებით, ნიკა ლაშხიას  სადებიუტო პოეტური კრებულის "დონორის" წარდგენა გაიმართა. წიგნის  პრეზენტაციას, რომელიც ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა, მწერალი ზვიად კვარაცხელია უძღვებოდა. მისი თქმით, ზუგდიდელი მკითხველი წლებია იცნობს ნიკა ლაშხიას პოეზიას, თუმცა მისი ლექსები წიგნად პირველად გამოიცა.

alt

"ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანმა და თანამდეროვე ლიტერატურაში აღიარებულმა სახელებმა გაუწიეს ამ წიგნს მეგზურობა - სერგო რატიანმა და გიორგი ლობჟანიძემ. ზვიად რატიანმა ძალიან კარგად შეადგინა ეს წიგნი და გამოკვეთა ის მრავალფეროვანი სურათი, რომელსაც კარგად აღიქვამს მკითხველი. გამოცემიდან რამდენიმე დღეში ეს წიგნი "წინანდლის პრემიის" ლაურიატი გახდა, წლის საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში და მას კიდევ ბევრი წარმატება ელოდება წინ", - აღნიშნა  კვარაცხელიამ.

თავად ლექსების ავტორი ნიკა ლაშხია ამბობს, რომ ზუგდიდელი მკითხველის წინაშე მისი კრებულის წარდგენა დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული და ის თითოეული ადამიანის რეაქციას ელოდება.

alt

"პირველი სადებიუტო წიგნია და ველოდები თითოეული ადამიანისგან ემოციებს, ვინც ამ წიგნს წაიკითხავს. რა თქმა უნდა ემოციებით სავსეა ზუგდიდელ მკითხველთან შეხვედრა და მაინტერესებს, როგორ მიიღებს ზუგდიდელი მკითხველი ამ წიგნს", - თქვა ლაშხიამ.

ზუგდიდელი პოეტი ნიკა ლაშხია პოეზიაში "წინანდლის პრემიის" 2018 წლის გამარჯვებული გახდა.

Print