ახალი ამბები
იუსტიციის სამინისტრო პატარძლებს მზითევში ვეფხისტყაოსანს გაატანს
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს სამზითვო ვეფხისტყაოსანი საზეიმო ცერემონიის ფარგლებში ქორწინების მოწმობასთან ერთად გადაეცემა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ახალდაქორწინებული ქალისთვის ოჯახიდან მზითვად „ვეფხისტყაოსნის“ გატანა მათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად აღადგინეს.

„იუსტიციის სამინისტრომ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ აღადგინეს უძველესი ქართული ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ახალდაქორწინებულ ქალს ოჯახიდან მზითვად ატანდნენ „ვეფხისტყაოსანს“ − ფასდაუდებელ საუნჯეს და ახალი ოჯახის აუცილებელ ატრიბუტს. სამზითვო „ვეფხისტყაოსანი“ ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს, საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, ქორწინების მოწმობასთან ერთად გადაეცემა როგორც სიყვარულის, ერთგულებისა და თანასწორობის სიმბოლო. „ვეფხისტყაოსნის“ სასაჩუქრე ეგზემპლარი გაფორმებულია ცნობილი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის, ილუსტრაციებით, რომელთა ასლები გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ფოტოფიქსაციის ლაბორატორიაში ინახება“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.


Print