ახალი ამბები
„სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე“ - ილიას მოგზაურობა სამეგრელოში
საქართველო სამეგრელოში ილიას 1885 წლის გაზაფხულზე უნახავს და დაუტოვებია ფრაზა, რომელსაც სამეგრელოს ყველა იმ სოფელში შემოგაგებებენ, სადაც კი ამ მოგზაურობისას ფეხი დაუდგამს.  ზუსტად სად თქვა ილია ჭავჭავაძემ, სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახეო, დანამდვილებით არავინ იცის. ილიას სამეგრელოში ყოფნაზე ცნობები მწირია, არც ფოტო შემორჩენილა სადმე, თუმცა რამდენიმე ადგილი და ნივთი ჯერ კიდევ ინახავს ამ მოგზაურობის ისტორიას.

ცაიშში, მეუნარგიების კარ-მიდამოს შუაგულში საუკუნოვანი მაგნოლია დგას. სწორედ მის ჩრდილქვეშ დაუსვენია იონა მეუნარგიას ოჯახში მისულ ილია ჭავჭავაძეს და თანამოაზრესთან და მეგობართან ერთად საქვეყნო საქმეებზეც უსაუბრია. იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმის ეზოში შესულ ნებისმიერ სტუმარს  პირველად სწორედ ამ ხისა და ილიას ამბავს უყვებიან.

იონა მეუნარგიას სამუშაო ოთახში, სადაც ბერტა და არტურ ზუტნერებთან ერთად „ვეფხისტყაოსანი“ ფრანგულად ითარგმნებოდა, კიდევ ერთი ნივთია, რომელსაც მუზეუმის თანამშრომლები  განსაკუთრებულად გაცნობენ - ხის სარწეველა სავარძელი, რომელიც გადმოცემით, ილიას ძალიან მოსწონებია.
alt
მეუნარგიებთან სუფრაც გაშლილა. „აი, აქ იშლებოდა ხოლმე სუფრა ამ ეზოში, მაშინაც, ილიას პატივსაცემადაც აქ მოუწყვიათ მაგიდა“, - ეზოში შემაღლებულ ადგილს გვიჩვენებს მუზეუმის სპეციალისტი ნათია მგალობლიშვილი.

„1884-ს იყო თუ 85-ს, როცა ილია წამოვიდა სამეგრელოს, მთავრის ბიბლიოთეკის ჩასაბარებლად, ილია ისე გამხიარულდა, რომ ბანძას მექი ფაღავასას და ჩემთან ცაიშში სულ «ფარინა, ფარინა» იმღერა და ფერხულით გული შეიჯერა“, - ჩაუწერია იონა მეუნარგიას უბის წიგნაკში.

იონა მეუნარგიას ჩანაწერებში, თვითონ ილიას პირად არქივში, სხვა არქივებსა და დოკუმენტებში ეძება უცნობი ფაქტები და ცნობები მწერალმა ზვიად კვარაცხელიამ და ილიას სამეგრელოში მოგზაურობაზე ყველაფერს თავი მხატვრულ დოკუმენტურ წიგნში მოუყარა - „ილია სამეგრელოში“. ამ მოგზაურობის ისტორიის მოყოლა კი სწორედ ილიას სამეგრელოზე ნათქვამმა ფრაზამ გადააწყვეტინა.

alt
სამეგრელოში ილიას ჩამოსვლის მიზეზი წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ნიკო დადიანის მიერ ნაჩუქარი უნიკალური ბიბლიოთეკის მიღება ყოფილა. თუმცა წიგნის ავტორის აზრით, ამ მიზეზის უკან, სხვა მიზანიც იდგა, ისევე, როგორც ილიას ფრაზა არ ყოფილა მხოლოდ მეგრელთა მასპინძლობის საქებრად ნათქვამი, -  „ჩემს ბავშვობაში ხშირად მინახავს და ბევრ ადგილას წამიკითხავს ილია ჭავჭავაძის ცნობილი ციტატა „სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე“ ძალიან ბევრ ადამიანს შეხვდებოდა ეს წარწერა. სულ მინდოდა გამეგო, რა გარემოებაში და როდის თქვა ეს სიტყვები ილიამ. რუსეთის იმპერიამ მას შემდეგ, რაც დაიპყრო საქართველო და ქვეყანა ცალკეულ გუბერნიებად დაყო, ცდილობდა სამეგრელო, აფხაზეთი და  სვანეთი სამუდამოდ ჩამოშორებოდა საქართველოს, თითქოს ეს კუთხეები ამ ქვეყნის ნაწილი არც ყოფილა. მიდიოდა საქართველოს გარუსების პოლიტიკა. ილია ჭავჭავაძის სამეგრელოში ჩამოსვლის უმთავრესი მიზეზი და მიზანიც იყო სწორედ ის, რომ ეჩვენებინა, საქართველოს ნაწილი იყო სამეგრელო და თავისი ავტორიტეტული სიტყვით დაემტკიცებინა ეს ერთხელ და სამუდამოდ. ეს მოგზაურობა იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან ერთი საჯარო გამოსვლით, სამეგრელო წაართვა რუსეთს და დარჩა იმის მაგალითად, როგორ შეიძლება იბრძოლოს რუსეთმა და როგორ შეიძლება  ის დამარცხდეს. თუ ჩვენ ვიქნებით ამ ფრაზის ერთგულები, რუსეთს არაფერი გამოუვა“, - ამბობს ზვიად კავარცხელია.

„სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე – დიდი საქართველო! ბევრი ჭირი უნახავს საქართველოს, მრავალს ქარტეხილს გადაუვლია ზურგზედა მისსა, მაგრამ ყოველთვის ჟამსა და რღვევისა და გაწბილებისა... მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო, იგი იყო ერთსული და ერთგული იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდება. ასე იყო წინეთ, ეგრე არის ახლა, ეგრე დარჩება მომავალშიც“ - ასეთია ილიას სამეგრელოში წარმოთქმული  დღემდე შემონახული ერთადერთი ვერსია.

Print