ახალი ამბები
ზუგდიდში ბოლო სამი წლის განმავლობაში 2000-მდე ახალშობილს სმენის სკრინინგი ჩაუტარდა (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის " სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა" დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. საზოგადოებრივი ორგანიზაციის "ველფეარ ფაუნდეიშენის" წარმომადგენლები შეკრებილებს პროექტის მნიშვნელობაზე და მიღწევებზე ესაუბრნენ. როგორც მათ აღნიშნეს 2016 წლიდან 2018 წლის აპრილამდე ზუგდიდში სმენა 2000-მდე ახალშობილს შეუმოწმდა. გარდა ამისა, ამავე პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ მშობლები და მეტყველების თერაპევტები.



"ეს პროექტი  სამი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა საქართველოს ოთხ რეგიონში. მივაღწიეთ ძალიან მნიშვნელოვან შედეგს - დაინერგა ახალშობილთა სკრინინგის პროგრამა. 2018 წლამდე ჩვენი პროგრამის მეშვეობით ხდებოდა ყურთასმენის შემოწმება, ხოლო მიმდინარე წლიდან ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით, ეს საქართველოს მასშტაბით ყველა სამშობიაროში გახდა სავალდებულო, რაც ვფიქრობ, არის მიღწევა. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავდა მშობელთა ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, რომლებიც შემდგომ ჩვენზე უკეთესად მოახდენდნენ თავიანთი შვილების უფლების დაცვას.  ამ კუთხითაც გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ, რადგან მოხდა ასეთი ცენტრების ჩამოყალიბება თბილისსა და ზუგდიდში", - თქვა პროექტის დირექტორმა  სიმონ გაბრიჭიძემ.

ზემოაღნიშნულ პროექტს  ზუგდიდში საქველმოქმედო ცენტრი "თანაზიარი" ახორციელებდა. შეხვედრას არასმთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღნიშნული პროექტის ავტორები მომავალში სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის დღის ცენტრების ჩამოყალიბებას გეგმავენ.



Print