ახალი ამბები
"ლიბერალი მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისთვის"- დისკუსია ზუგდიდში
ზუგდიდში, სახალხო დამცველის ოფისში მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და პრობლემებზე იმსჯელეს. დისკუსია გამოცემა "ლიბერალის" პროექტის "ლიბერალი მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისთვის" ფარგლებში გაიმართა. მას სტუდენტები, სახალხო დამცველის რეგიონული ოფისის თანამშრომლები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
alt
ორგანიზაცია "სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის" ხელმძღვანელი ციცინო შენგელია დაინტერესდა იყო თუ არა გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში გენდერული საკითხები. მას მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნანი მიქენაიამ უპასუხა და უთხრა, რომ აღნიშნული საკითხი მერიისთვის პრიორიტეტულია და ის 2019 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად არის ასახული.

"გენდერის საკითხები მნიშვნელოვნად არის ასახული მომავალი წლის ბიუჯეტში და აქ არამარტო ქალთა პრობლემებზეა საუბარი, არამედ განსხვავებული საჭიროებების მქონე ადამიანებზეც. სოციალური პროგრამები ითვალისწინებს მრავალშვილიანი დედების, მარტოხელა, მარჩენალდაკარგული და ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარებას", - აღნიშნა ნანი მიქენაიამ.

"დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ეკა მინჯორაიამ წყალმომარაგების სისტემის მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ქალაქის მოსახლეობას ძალიან აწუხებს გადათხრილი და მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა.
alt
"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი კეთდება, თუმცა უკვე ორ წელზე მეტია ქუჩებზე მტვერია. გასაგებია, რომ მშენებლობა ბევრ პროცედურასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს დროში ძალიან გაიწელა. გარდა ამისა, მოსახლეობა არ არის ინფორმირებული თუ როდის დასრულდება მშენებლობა, რატომ გაჭიანურდა ეს პროცესი, რაც იწვევს ხალხის გაღიზიანებას", - აღნიშნა მინჯორაიამ.

მან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ასევე ჰკითხა იდგა თუ არა დღის წესრიგში მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფრის აშენების საკითხი, რაზეც ნანი მიქენაიამ უარყოფითი პასუხი გასცა.

"ამ პრობლემის მოგვარება მომდევნო წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული, თუმცა მერიაში მსჯელობენ, რომ სამხარეო ადმინისტრაციამ მუნიციპალიტეტების გაერთიანებით, ერთობლივი პროექტი განახორციელონ",- თქვა მან.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა კი მიიჩნევს, რომ მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ,  თუ სად და რა მიმართულებით იხარჯება ბიუჯეტის ფული. მისვე თქმით, კარგი იქნება თუ სოფლის რწმუნებულები ყოველ სამ თვეში ერთხელ წარმოადგენენ იმ საჭიროებებს, რაც მოსახლეობას აწუხებს.
alt
"ჩვენი ორგანიზაცია პერიოდულად სთავაზობს რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტს. შარშან პრობლემა იყო ის, რომ ბიუჯეტი არ იყო პროგრამული. იმედია, რომ 2019 წლის ბიუჯეტი 100% თუ არა მეტნაკლებად მაინც იქნება პროგრამული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვაში. ამისკენ კი მერიამ უნდა გადადგას ნაბიჯი. ამისთვის მას აქვს რამდენიმე მექანიზმი, მათ შორის, საჯარო შეხვედრების გამართვა, მოსახლეობის გამოკითხვა და სხვა ", - თქვა არჩილ თოდუამ.

შეხვედრის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მსგავსი შეხვედრები სამომავლოდ უზრუნველყოფს ბიუჯეტის გამჭვირვალედ დაგეგმვას.

"გამოცემა ლიბერალის პროექტის ფარგლებში გამართული შეხვედრა სიმბოლურად დაემთხვა ზუგდიდის ბიუჯეტის პროექტის წარდგენას. განვიხილეთ მოქალაქეების პრიორიტეტები და ის საჭიროებები, რაც მათ წინაშე დგას ", -თქვა "ლიბერალის" რედაქტორმა დათო გამისონიამ.

პროექტის მხარდამჭერია ფონდი ღია საზოგადოება.

Print