ახალი ამბები
"სამართლიანი ზუგდიდელები" - ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია უსამართლობის წინააღმდეგ (ვიდეო)
ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი ზუგდიდელები" ჩამოყალიბდა. მისი დამფუძნებლები მოქალაქეები პეტრე მირცხულავა, ჯუანშერ ხობელია და ალექსანდრე მინჯორაია არიან. ამის შესახებ მათ მეოთხე საჯაროს სკოლის წინ არსებულ შენობაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. ისინი ამბობენ, რომ არასამთავრობოს ჩამოყალიბება ორი დღის წინ გადაწყვიტეს და ჯერ კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ აქვთ. "სამართლიანი ზუგდიდელების" ერთ-ერთი წევრი ჯუანშერ ხობელია ამბობს, რომ ეს არის სამოქალაქო პლატფორმა, რომელიც უსამართლობასთან მებრძოლ ადამიანებს აერთიანებს. მისივე ცნობით, ორგანიზაციაში უკვე 100-ზე მეტი ადამიანია გაერთიანებული.

alt

"ეს ორგანიზაცია აერთიანებს უსამართლობასთან მებრძოლ ზუგდიდელებს. ბევრი შეცდომები აქვს "ქართულ ოცნებას", თუმცა არც წარსულში დაბრუნება გვსურს. ისინი ვინც შიშს თესავდა განვითარებას ვერ მოუტანს საქართველოს... ჩვენ ვიწყებთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას და ზუგდიდელების უფლებების დასაცავად უკომპრომისო ბრძოლას", - თქვა ხობელიამ.

ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ისინი  მხარს არც ერთ პარტიას არ უჭერენ.

alt

"სავალდებულო არაა რომელიმე პარტიაში ვიყოთ. აუცილებელია "ნაციონალი" ან "ოცნება" ვიყოთ, ხომ შეიძლება მოქალაქეებიც გაგვითვალისწინონ?" - თქვა პეტრე მირცხულავამ.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათი კონკრეტული მიზნებისა და ამოცანების შესახებ დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში გააჟღერებენ.

Print