ახალი ამბები
ანა წითლიძე: მოვითხოვ ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ანა წითლიძე ონლაინ მედია ორგანიზაცია "მეველეს" წარმომადგენლებს მისი ოჯახის წევრების მიმართ უკანონო თვალთვალში ადანაშაულებს. 

"ორი დღეა ჩემს სახლსა და ოჯახის წევრებზე მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი. გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე სახლში გვიან ვბრუნდები. წუხელ მითხრეს, რომ ვიღაცეები იღებდნენ. დილით კი მე თვითონ ვნახე ჩემს ჭიშკართან მდგარი დიმა ძიმცეიშვილი, გიორგი სართანია და ნიკა მაქაცარია, რომლებიც არიან "ქართული ოცნების" აქტივისტები და თავს ჟურნალისტებად ასაღებენ, თუმცა ისინი ასრულებენ სუს-ის დავალებას. ამ ფაქტმა ჩემს ოჯახის წევრებზე იქონია გავლენა, აქ უკვე არაა საუბარი ჩემზე, არამედ საუბარია ჩემი ოჯახის წევრებზე და მათ უსაფრთხოებაზე. მინდა მივმართო შს მინისტრ გიორგი გახარიას, ვერ დაგვაშინებენ", - ამბობს ანა წითლიძე.

ენმ-ის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით.
alt
„მეველეს“ წარმომადგენელი დიმა ძიმცეიშვილი წითლიძის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ის კოლეგებთან ერთად პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

„არ შევჭრილვართ კერძო საკუთრებაში და ეს მის ლაივშიც კარგად ჩანს. გვქონდა ინფორმაცია, რომ არ იმყოფებოდა შტაბში და იყო სახლში, ამიტომ ველოდებოდით გზაზე. თვითონ გამოგვივარდა და როდესაც ჩვენს კითხვებზე პასუხი ვერ გასცა, აქეთ დაგვესხა თავს. ჩვენი კითხვები ეხებოდა "შავ ფულს", რომელსაც, სავარაუდოდ, ნაციონალები არიგებენ “, - ამბობს დიმა ძიმცეიშვილი.






Print