ახალი ამბები
ბავშვებისთვის გეგმური აცრების ჩატარება 1-ელი ივნისიდან სავალდებულო გახდება
5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო არა 2019 წლის იანვრიდან, არამედ 1-ელი ივნისიდან გახდება. ამის შესახებ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძე განაცხდა. მისივე თქმით, ზაფხულამდე პერიოდი საჭიროა იმისთვის, რომ გარკვეული კანონქვემდებარე აქტები მოვიდეს შესაბამისობაში.

„კანონში ცვლილება უკვე შესულია. სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების კალენდარში არსებული 10 აცრა მანამდე სარეკომენდაციო სახის იყო, ახლა წერია, რომ სავალდებულოა, უბრალოდ, ტექნიკურად ეს ცვლილება ძალაში შევა 1-ელი ივნისიდან, რადგან გარკვეული კანონქვემდებარე აქტები უნდა მოვიდეს შესაბამისობაში. ცვლილების ძირითადი არსი ის არის, რომ აცრებთან დაკავშირებით ყოველგვარი ორაზროვნება აღმოიფხვრას, რადგან აცრები არის სავალდებულო, სასარგებლო და ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი, რათა ჩვენი ბავშვები ისეთი საშიში დაავადებებისგან დავიცვათ, როგორიც არის: წითელა, წითურა, პოლიემიელიტი და ა.შ“, - აღნიშნა მან.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის თანახმად, 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შემდეგი აცრების ჩატარებაა სავალდებულო: B ჰეპატიტი; BCG (ბცჟ); დიფტერია/ტეტანუსი/ყივანახველა/ჰეპ B/ჰიb/იპვ; პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა; როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა; წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო აცრა და პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა.
Print