ახალი ამბები
ზუგდიდის სკოლის დირექტორები განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურმა გამოკითხა
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის კახა ფარცვანიას მხრიდან სკოლის დირექტორებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე მოკვლევა მიმდინარეობს. დირექტორების ინფორმაციით, საქმეზე გამოკვლევას განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახური აწარმოებს და საკითხზე დირექტორების ნაწილი უკვე გამოჰკითხეს.

გამოკითხულთა შორისაა ზუგდიდის მეშვიდე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათელა ხორგუანი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. სწორედ ხორგუანმა მისწერა წერილი განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს ფარცვანიას მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის ფაქტების შესახებ. ხორგუანმა რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ აუდიტის სამსახურს ზუსტად ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც წერილში წერია.

„ამ ამბების გამო თავს ვგრძნობ ძალიან ცუდად და ვაპირებ, რომ საერთოდ, შევწყვიტო მუშაობა. უბრალოდ, ველოდები მინისტრის გადაწყვეტილებას. მე მათაც ვუთხარი, რომ ჩემი მისია შევასრულე და სიმართლე მივიტანე მინისტრთან. ახლა ჯერი მასზეა“, - აღნიშნა ხორგუანმა.

აუდიტის სამსახურის შეკითხვებს უპასუხა პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამაც. ის უარყოფს წინასაარჩევნო პერიოდში კახა ფარცვანიას მხრიდან დაბარებებსა და რამე სახის ზეწოლას.

„პირადად ჩემზე არ ყოფილა არავითარი ზეწოლა, დაბარებები, სიების მოთხოვნა და ასე შემდეგ. ასე რომ ყოფილიყო , ზეწოლას იგრძნობდა კოლექტივი, რაც ასე ნამდვილად არ მომხდარა“, - გვითხრა გოგინავამ.

რესურსცენტრის დირექტორის მხრიდან ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხავს და უარყოფს მეცხრე საჯარო სკოლის დირექტორი თეა გაბელაიაც. მან გვითხრა, რომ აუდიტის სამსახურის კითხვები სწორედ ამ თემას შეეხებოდა.

„იმას, რაც არ იყო, მაგას როგორ დავადასტურებდი. არასდროს მისი მხრიდან არ ყოფილა ზეწოლა და მუქარა“, - თქვა გაბელაიამ.

თავად კახა ფარცვანია ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

რადიო „ათინათი“ განათლების სამინისტროს კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა დეპუტატმა სერგი კაპანაძემ განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს ის წერილი წაუკითხა, რომელშიც ზუგდიდის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა ხორგუანი საარჩევნო დავალებებსა და კახა ფარცვანიას მხრიდან ზეწოლაზე.

Print