ახალი ამბები
აფხაზური მედია ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილზე : „რა გახდა სუიციდის მიზეზი, გაუგებარია“
“ჩემი აზრით, ძალიან უცნაური ისტორიაა. საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა მამაკაცი ირაკლი კვარაცხელია მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონო კვეთის მომენტში დააკავეს, სამმართველოში მიიყვანეს, და სანამ ეს უკანასკნელი განმარტებით ბარათს წერდა, ოთახში მარტო დარჩენილმა თვითმკვლელობა ჩაიდინა, წერს აფხაზური „ნუჟნაია გაზეტა“.

ამავე მასალაში ჟურნალისტი იზიდა ჭანია აღნიშნავს, რომ სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, კვარაცხელიას მიმართ ძალა არ გამოუყენებიათ, თავადაც თავშეკავებულად და თავაზიანად იქცეოდა და აგრესიას არ ამჟღავნებდა. აფხაზეთის სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა ადასტურებს, რომ ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.

„რა გახდა სუიციდის მიზეზი, გაუგებარია“, - წერს ჟურნალისტი.

მსი ცნობით, "საზღვრის დარღვევის და შესაბამისი საბუთების არქონის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს ჯარიმას, 30 - 60 ათასი ლარის ოდენობით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას", თუმცა, მისივე განმარტებით, სინამდვილეში ასეთი შემთხვევებში მოქალაქის „საქართველოში დეპორტაციით“ შემოიფარგლებიან ხოლმე. აქედან გამომდინარე, მისი აზრით, ახალგაზრდა მამაკაცს სასოწარკვეთილების მიზეზი არ უნდა ჰქონოდა.

აფხაზი ჟურნალისტი სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ მათი დადასტურება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ქართველი და აფხაზი სამართალდამცავები საკითხის პოლიტიზირებას არ შეეცდებიან და თავიანთი უშუალო მოვალეობის შესრულებას, გამოძიებას შეუდგებიან.

„ეს ერთობლივი აფხაზურ-ქართული გამოძიების ჩატარების კარგი შესაძლებლობაა, რათა პოლიტიკოსებს არ მიეცეთ ადამიანის ტრაგედიით სპეკულირების საშუალება“,- წერს ჭანია.

დე ფაქტო რეჟიმის მტკიცებით, ირაკლი კვარაცხელიამ ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე დაკითხვის ოთახში მოიკლა თავი და მას არავითარი ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. გარდაცვლილის ახლობლებს კი, თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ.

ირაკლი კვარაცხელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ გადმოასვენეს. გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში დასრულდა.

Print