ახალი ამბები
სახლი ოჩამჩირეში, სადაც მანქანით პირდაპირ საძინებელში შედიან
ოჩამჩირის რაიონში გზის პირას მდებარე ორსართულიანი სახლი უცნაური დეტალით გამოირჩევა და გამვლელთა ყურადღებას იპყრობს. სახლის მეორე სართულზე ასვლა მანქანით პირდაპირ ტრასიდან შეიძლება. გამოცემა "აიაირას" ჟურნალისტები შეეცადნენ გაერკვიათ, თუ ვინ ცხოვრობს ამ სახლში და რატომ მიუერთა სახლს მსგავსი მისასვლელი.

სახლის პატრონმა ალექსი გუჩუამ მათ უამბო, თუ რატომ მოაწყო უცნაური ესტაკადა.

"შვილი რომ გვეყოლა, ცოლმა მითხრა, როდესაც ჩემი ვაჟი დაქორწინდება, პატარძალს სახლში პირდაპირ მანქანით შევიყვანო", - უთხრა მან სტუმრად მისულებს.

თუმცა ეს ამბავი ამით არ სრულდება, მამაკაცის მეუღლე, თინა, უეცრად 1985 წელს ისე გარდაიცვალა, რომ შვილის ქორწილს ვერ მოესწრო. ამის შემდეგ ალექსიმ კარგა ხნით მიივიწყა ცოლის სურვილი. 1992 წელს, როდესაც ომი დაიწყო, მისი შვილები წავიდნენ და ის მარტო დარჩა სახლში. აი, მაშინ კი გაახსენდა თინას ოცნება. იმ იმედით, რომ ვაჟი და რძალი ოდესმე დაბრუნდებოდნენ და მანქანით შევიდოდნენ პირდაპირ სახლის მეორე სართულზე, მან ბეტონის მისასვლელის მშენებლობა დაიწყო.

"გალის ბაზარზე მივდიოდი, ტომრებით ვყიდულობდი ცემენტს და ავტობუსით მომქონდა, შემდეგ თვითონ ვასხამდი ბეტონს, ვაშენებდი. ყველაფერი საკუთარი ხელებით გავაკეთე. ოდესღაც, ეს სახლიც თავად ავაშენე", – ყვება გუჩუა.

ესტაკადის მოწყობას ერთი წელი მოანდომა, რისთვისაც 8 ტონა ცემენტი დასჭირდა. 6 წლის წინ თინას ოცნებაც ასრულდა, 20 წლის შემდეგ, მისმა ვაჟმა ცოლი შეირთო და პირდაპირ ესტაკადით შეიყვანა პატარძალი საძინებელში.

ესტაკადის ქვეშ ალექსი გუჩუამ დიდი მისაღები მოაწყო, სადაც 200- მდე ადამიანი ეტევა. შარშან იქ თავისი მე- 80 დაბადების დღე აღნიშნა.

მარტოხელა მამაკაცი საკუთარ მეურნეობას უძღვება. ხილი და თხილი გალის ბაზაზრე მიაქვს გასაყიდად. ზოგჯერ შვილი აკითხავს. პენსიონერი ახლა იმაზე ოცნებობს, რომ შვილიშვილის ქორწილს მოესწროს და ისიც ამ ესტაკადით შეიყვანოს საცოლესთან ერთად სახლის მეორე სართულზე.




Print