ახალი ამბები
ნადარაია ჟენევის დისკუსიებზე: აფხაზური მხარე შეტევაზე უნდა გადავიდეს გონივრულად და დიპლომატიურად
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გალის რაიონის „ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელი თემურ ნადარაიაც მონაწილეობდა. მან „ნუჟნაია გაზეტას“ განუცხადა, რომ პირველად ესწრებოდა მოლაპარაკებებს, თუმცა, მისი თქმით, გალის რაიონის ხელმძღვანელი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული მსგავსი ფორმატის შეხვედრებში, რადგან სწორედ ამ რაიონშია თავმოყრილი პრობლემების უმრავლესობა.

თავის  შთაბეჭდილებებზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ თავი 90-იანი წლების აფხაზეთის პარლამენტში ეგონა, როდესაც ქართულ და აფხაზურ ფრაქციებს შორის დაპირისპირება ხდებოდა. მისი თქმით, ის გაოგნდა იმ სიძულვილისგან, რომელიც ქართული დელეგაციიდან მოდიოდა.

„თუმცა,ლანჩის დროს სხვანაირად ვსაუბრობდით, მაგრამ შევიდოდით თუ არა მოლაპარაკებათა დარბაზში, ისინი ნიღბებს ირგებდნენ და, როგორც ზომბირებულები, ერთსა და იმავეს იმეორებდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე”, - უთხრა გამოცემას ნადარაიამ.

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჟენევის დისკუსიები აუცილებელია, თუმცა აფხაზური მხარე არ უნდა იყოს მუდმივად თავდაცვისა და თავის მართლების პოზიციაში, არამედ შეტევაზე უნდა გადავიდეს გონივრულად და დიპლომატიურად.

„მუდმივად პასუხი გვიწევს კითხვებზე ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ. ასეთი დარღვევები, რომლებსაც ჩვენ გვაბრალებენ, გარწმუნებთ, დასავლეთში ყოველდღე ასეულობით ხდება. მაგრამ მათ, ბუნებრივია, ამის დანახვა არ სურთ და მხოლოდ ჩვენი დარღვევების ნახვა შეუძლიათ“, - თქვა ნადარაიამ.

ნადარაია გალის შეხვედრების აღდგენის საკითხსაც შეეხო.

„ამ ფორმატს თავისი პლუსები და მინუსები აქვს, თუმცა, მე მაინც უფრო მეტ პლუსს ვხედავ. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, მაგალითად კრიმინალური ჯგუფები. ადამიანები, რომელებმაც დანაშაული ჩაიდინეს საქართველოში, ცდილობენ აფხაზეთში მიიმალონ და პირიქით”, - თქვა გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. 

სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები, ასევე, გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლები.



Print