ახალი ამბები
ზუგდიდში ორდღიანი აგრო-ბიზნეს ფორუმი გაიმართება
ზუგდიდში სოფლის მეურნეობის სამინისტრო ორდღიან აგრო-ბიზნეს ფორუმს მართავს, სადაც აგროპროგრამების შესახებ სტუმრებს პრეზენტაციას წარუდგენენ. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროში უთხრეს. შეხვედრა დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში და ანაკლიაში გაიმართება. ღონისძიებაზე 150-ზე მეტი სტუმარია მიწვეული, მათ შორის, მეწარმეები, ბიზნესმენები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი იქნება ყველა აგროპროექტი, რომელიც ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარებას უწყობს ხელს და ადგილობრივების წარმოების ზრდის შესაძლებლობას იძლევა“, - გვითხრეს პრესსამსახურში.

ამავე ინფორმაციით, ხვალ, 10 მაისს დადიანების სასახლის ეზოში ძველი მეგრული ჯიშების ყურძნისგან დამზადებული ღვინების დეგუსტაცია გაიმართება, მეორე დღეს, 11 მაისს კი ფორუმი ანაკლიაში გაგრძელდება, რომელიც ჩაის კულტურას მიეძღვნება.

რადიო "ათინათის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, შეხვედრას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრება.
Print