ახალი ამბები
კოვე ბახტაძის ანგარიშზე: სოხუმს საქართველოს მთავრობისგან ფაროსანას შესაწამლი პრეპარატები არ მიუღია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მთავრობის მეთაურის ანგარიშს გამოეხმაურა რომლის თანახმად, ქართულმა მხარემ 2018 წელს აფხაზურ მხარეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის 600 000 ლარის ღირებულების შესაწამლი პრეპარატები და აღჭურვილობა გაუგზავნა.
ამის შესახებ დაურ კოვემ სოხუმში უსაფრთხოების საკითხებში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა და მოუწოდა მათ სერიოზული ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ განცხადებას.

„მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ აფხაზეთის მთავრობას არაფერი არ მიუღია საქართველოს მთავრობისგან, ყველა პრეპარატი, რომელიც მიმართული იყო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის, აფხაზეთის რესპუბლიკაში საერთაშორისო ორგანიზაციების ხაზით შემოვიდა, იმ თანხებზე, რასაც დონორი ორგანიზაციები გამოყოფენ და საქართველოს ბიუჯეტთან ამას არავითარი კავშირი არა აქვს», – თქვა დაურ კოვემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ 3 ივნისს პარლამენტისთვის წარდგენილ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ქართულმა მხარემ 2018 წელს აფხაზეთს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის შესაწამლი ტექნიკა, ფერომონები, სპეციალური აღჭურვილობა და საჭირო პესტიციდები გადასცა. მათი ღირებულება 600 000 ლარზე მეტს შეადგენს. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით, აფხაზეთის რეგიონს რეგულარულად გადაეცემა ვეტერინარული ვაქცინები. მოხსენება 2018 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობას შეეხება.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი 48 - ე რაუნდი 2019 წლის 2- 3 ივლისს არის ჩანიშნული.
Print