ახალი ამბები
ზუგდიდში პირველი ხანდაზმულთა დღის ცენტრი გაიხსნა (ვიდეო)
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე  განთავსებული სოციალური საცხოვრისის შენობაში ხანდაზმულთა დღის ცენტრი გაიხსნა, რომელიც სოციალურად დაუცველ და უმწეო 25 ბენეფიციარს აერთიანებს. ის რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრმა "თანაზიარმა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დღეს გახსნა. "თანაზიარის' დამფუძნებლის ხათუნა ბეჭვაიას თქმით, დღის ცენტრში ხანდაზმულთათვის ბევრი ღონისძიება და სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი.

„მსგავსი პროექტი სამეგრელოს რეგიონში არ განხორციელებულა და დღეს ცენტრი პირველად გაიხსნა. ხანდაზმულთა დღის ცენტრი მთელი დღის განმავლობაში მოემსახურება ბენეფიციარებს. მათთვის ძალიან ბევრი აქტივობა არის დაგეგმილი. გარდა ამისა, იქნება სახელოვნებო სწავლება, კვება. დასაწყისში ბენეფიციარების რაოდენობა არის 25, თუმცა, ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. თვითმმართველობას ჰქონდა მონაცემთა ბაზა იმ ადამიანების, რომლებიც არიან მარტოხელები, უმწეოები და სოციალურად დაუცველები. თვითმმართველობამ გამოყო ამ ცენტრისთვის ფართიც“, - ამბობს ბეჭვაია.

დღის ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები, ბენეფიციარები, არასამთავრობო ორგანიზაციის, ბიზნეს სექტორის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთში.

სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო სხულუხია ამბობს, რომ მუნიციპალიტეტისთვის ხანდაზმულთა ზრუნვის შესახებ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ აქედან გამომდინარე მოიწონეს ეს იდეა.

რაც შეეხებათ ბენეფიციარებს, რომლებიც ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ, ამბობენ, რომ მათ გარემო მოსწონთ და აქ ყოველდღე ივლიან.

პროექტი "უზრუნველვყოთ ღირსეული ხანდაზმულობა" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "პარტნიორობა ჩართულობით პოლიტიკის შესაქმნელად“ ფარგლებში ხორციელდება და მას ASB საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან: საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთთან“ (CHCA) და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან (KRDF) ერთად ახორციელებს.










Print