ახალი ამბები
ზუგდიდში პიანისტ ელისო ბოლქვაძის კონცერტი ჩატარდა (ვიდეო)
ზუგდიდში, დადიანების სასახლეში ეზოში, ღია ცის ქვეშ პიანისტმა და ,,იუნესკოს“ მშვიდობის ელჩმა ელისო ბოლქვაძემ დაუკრა. მსმენელისთვის ელისო ბოლქვაძემ ფრანც შუბერტისა და ფრედერიკ შოპენის მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულა. პიანისტის თქმით, მას იმედი აქვს, რომ უახლეს მომავალში თავის შემოქმედებას ოკუპირებულ აფხაზეთშიც გაიცნობენ.

„ძალიან ბედნიერი ვარ დღეს, რომ აქ ვიმყოფები. ზუგდიდში პირველად ვარ და ძალიან სასიამოვნოა, რომ ბათუმის ფესტივალი გაიშალა იმდენად, რომ ჩვენ ზუგდიდშიც ჩამოვედით. ფესტივალი არის ძალიან დიდი და მრავალფეროვანი. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე გარდა  იმისა, რომ მუსიკის დღესასწაულია, არის ძალინ მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელიც გვაახლოებს აფხაზეთთან. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება საშუალება, რომ მუსიკის ენით, მშვიდობის ენით შევიდეთ ჩვენს აფხაზეთში და კიდევ ბევრი ადამიანი გავახაროთ ჩვენი შემოქმედებით. ეს ოცნება უნდა აგვიხდეს. ეს იქნება მუსიკალური ენით მიმართული მესიჯი, რომელიც უნდა გაიგოს იმ ადამიანებმა, რომლებსაც ევალებათ, რომ ეს კონფლიქტი მოაგვარონ“, - ამბობს ელისო ბოლქვაძე.

ელისო ბოლქვაძესთან ერთად კონცერტში მონაწილება აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამაც მიიღო, რომელსაც ზვიად ბოლქვაძე ხელმძღვანელობდა.

„როდესაც ასეთი საღამოები იმართება და ადამიანები იღიმიან, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ფესტივალი არის იმედის მომცემი, რომ კიდევ უამრავი მუსიკოსი აღიზარდოს საქართველში. მე იმედი მაქვს, რომ ასეთი ღონისძიებები მრავლად გვექნება საქართველოში. ჩემთვის და აფხაზეთის კაპელისთვის ამ ფესტივალში მონაწილეობა არის სიხარული და დიდი პატივი“, - აღნიშნა ზვიად ბოლქვაძემ.

დღევანდელი საღამოს მნიშვნელობაზე ისაუბრა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.

„კულტურული ცხოვრება ჩვენი ყოფის ერთ-ერთი უდიდესი შემადგენელი ნაწილია და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი დონის კონცერტის ჩატარება. განსაკუთრებით ჩვენს მუნიციპალიტეტში, იქ სადაც სამწუხაროდ არის  ხელოვნური ბარიერი გავლებული  და ჩვენი მოქალაქეები აფხაზეთში სამწუხაროდ ვერ ეზიარებიან იმ კულტურულ ცხოვრებას, რასაც დანარჩენი საქართველოს ნაწილში ჩვენ ვხედავთ“, - განაცხადა მოწერელიამ.

კონცერტი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ჩატარდა.
ღონისძიების ორგანიზებისთვის მერიამ 16 ათასამდე ლარი დახარჯა. შესაბამისი ტენდერი 19 აგვისტოს გამოაცხადა.
Print