ახალი ამბები
„შესაძლოა აქცია მოვაწყოთ“ - სკეიტპარკში ხალხი გროვდება
ზუგდიდში, სკეიტპარკის ტერიტორიაზე მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი არ აკეთებენ განმარტებას, თუ რა მიზნით არიან შეკრებილები და რას გეგმავენ. მათი ნაწილი ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩევა და ჟურნალისტებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს. „რას გავხართ“, „უპატრონოები“, „თქვენი დედაც“, - ასეთი ფრაზებით მიმართავენ ისინი მედიის წარმომადგენლებს. აქ ასევე იმყოფება მერიის ააიპ-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ჰომოფობიური და შეურაცხმყოფელი ფეისბუკ პოსტების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.  

შეკრებილებს სოფლების შამგონისა და ზედაეწერის რწმუნებულები ზაზა ხუბუა და ირაკლი თორდია  შეუერთდნენ.

ზაზა ხუბუას თქმით, აქ იმიტომ მოვიდა რომ თავისი გულისტკივილი გამოხატოს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ ადგილზე გადაწყდება, აქციის გამართავენ თუ მსვლელობას.

"არ მოგვწონს ის, რასაც აკეთებს ოპოზიცია. მოვუწოდებთ მოსახლეობას ნაცმოძრაობას არ დაუჭირონ მხარი. ამისთვის შევიკრიბეთ. თავად გადავწყვიტეთ აქ შეკრება და გვინდა, რომ ჩვენი გულისტკივილი გამოვხატოთ. აქ არის ჩვენი სამეგობრო. ადრეც გვინდოდა შეკრება და ძალიან ცუდია, რომ ვერ მოვახერხეთ“, - ამბობს ხუბუა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები დილიდან ავრცელებენ ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნება“ მხარდამჭერებს აგროვებს და მათი ოფისის წინ აპირებს აქციის გამართვას. ოპოზიციის წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენლებსაც მიმართეს და სთხოვეს, დააკვირდნენ მოვლენებს.

Print