ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გახსნის თარიღი ჯერ კიდევ უცნობია
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც, დაახლოებით, ორი წელია მიმდინარეობს, დასრულდა. მისი გახსნის კონკრეტული თარიღი ამ დრომდე უცნობია. მუნიციპალური განვითარების ფონდში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ამჟამად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცედურები მიმდინარეობს და ბაღის გახსნის თარიღი ამ პროცედურების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელი ზვიად ქარჩავას ამბობს, რომ სამუშაოები განრიგის მიხედვით მიმდინარეობდა და არანაირ გადაცდომას ადგილი არ აქვს.

ბაღის გახსნა რამდენჯერმე გადაიდო. თავდაპირველად ითქვა, რომ სამუშაოები ზაფხულის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.  მოგვიანებით, კი ნოემბრის ბოლო რიცხვები დასახელდა.

ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაციისთვის 11 974 436 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "ჯავა" ახორციელებს, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 70%-ის გადახდა ზუგდიდს საკუთარი სახსრებით მოუწევს. ამ თანხის 50% მერიამ 11%-იანი სესხის სახით, მსოფლიო ბანკიდან აიღო, ხოლო დანარჩენი მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან გამოყო. რაც შეეხება დანარჩენ 30%-ს, მერიამ ის გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღო.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ნოემბრის ბოლომდე უნდა გაიხსნას

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია ზაფხულში უნდა დასრულდეს (ფოტო)

Print