საზოგადოება
GLC - ის ზუგდიდის განყოფილება სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა
ასოციაცია „ათინათის“ ბაზაზე არსებული საქართველოს სასწავლო ცენტრის - GLC-ის ზუგდიდის განყოფილების მოსწავლეები ერთი კვირაა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ. კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პედაგოგებმა სამზადისი გასულ კვირაში დაიწყეს და სილაბუსებში გარკვეული ცვლილებები შეიტანეს.

„მასწავლებლებმა შევქმენით ჯერ ჯგუფი Teams - ში. Mircorosft-მა კორონავირუსის გამო თავისი აპლიკაციის, Teams-ის პრემიუმ ვერსიის უფასო ვარიანტის გაზიარება დაიწყო და პროგრამის ეს ვერსია უფასოდ 6 თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი. მოგვეცა საშუალება, რომ კერძო სკოლის მასწავლებლებიც გავწევრიანებულვიყავით ამაში. შევქმენით ონლაინ კლასები, დავალებებს ვუგზავნით ბავშვებს, ვუტარებთ ვიდეო გაკვეთილებს და ასევე ვუგზავნით ვიდეო ტუტორიალებს და ელექტრონულ ტესტებს“, - გვითხრა მათემატიკის მასწავლებელმა ჟანა ბელქანიამ.
ჟანა ბელქანია  - GLC-ის სკოლის მათემატიკის მასწავლებელი


როგორც პედაგოგი გვიყვება, ბავშვები კმაყოფილები და მოტივირებულები არიან. ამ დროისთვის, პროცესში თითქმის ყველა მოსწავლეა ჩართული.

„ახალგაზრდები ტექნოლოგიებში კარგად ერკვევიან და ძალიან მოეწონათ ეს ახალი გამოწვევა. ჩართულობაც მაღალია, თავიდან რამდენიმე ბავშვი გვაკლდა, თუმცა ყველა შემოგვიერთდა. ზოგჯერ ინტერნეტი იჭედება, მაგრამ ბავშვები ერთმანეთს ეხმარებიან... ჩვენმა მოსწავლეებმა საოცარი მხარდაჭერა გამოიჩინეს ერთმანეთის, პედაგოგების მიმართ და ეს ძალიან გვაბედნიერებს“, - ამბობს პედაგოგი, რომელიც ამავდროულად არის ტექნოლოგიების ქოუჩი განათლების სამინისტროს პროექტის „ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში“.

GLC-ის სკოლის მოსწავლეები სწავლის ონლაინ რეჟიმზე ახალი რეკომენდაციების გაცემამდე იქნებიან.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.

ამავე თემაზე:

სტუმარი - ჟანა ბელქანია


Print