ახალი ამბები
დააკავეს პირი, რომელიც თანხის სანაცვლოდ მოქალაქეს საჯარო სამსახურში დასაქმებას ჰპირდებოდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

ამავე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს და დაარწმუნა იგი, რომ თანხის სანაცვლოდ დაასაქმებდა მას საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე. ამის შემდეგ, გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მოქალაქეს გამოართვა 5 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ის დააკავეს.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
Print