აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა კრასნოდარიდან სოხუმში აფხაზი მოხალისის ბესლან ტაბაღუას ცხედარი გადაასვენეს. უწყების ცნობით, 24 წლის გალის მცხოვრები დონბასში
დაიღუპა, სადაც უკრაინის ომში რუსეთის მხარეს იბრძოდა. მანამდე, მისი ცხედარი ყუბანის დედაქალაქში იყო დასვენებული. ამავე ცნობით, ბესლან ტაბაღუას გალში დაკრძალავენ.
უფრო ადრე, 8 სექტემბერს დონეცკში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისე არტურ კირკინაძე დაიღუპა, მანამდე, 31 მარტს კი მისი ბიძაშვილი, ახრა კირკინაძე. აფხაზური უწყების ინფორმაციით, ის "პიატნაშკას" ბატალიონში ირიცხებოდა, რომელსაც ახრა ავიძბა ხელმძღვანელობდა. კიდევ ერთი აფხაზი მოხალისე, ახალი ათონის მკვიდრი, ლორან სმირი, ამავე ბატალიონის წევრი, დონეცკში, 21 ივლისს ჭურვის აფეთქების შედეგად დაიჭრა სასიკვდილოდ.
ახრა ავიძბა დონბასში საომარ მოქმედებებში 2014 წლიდან მონაწილეობს და თვითგამოცხადებული "დნრ"-ის გმირია. 2021 წლის იანვრის ბოლოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავიძბა ძებნილთა სიაში გამოაცხადა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქე ახრა ავიძბა (მეტსახელად "აფხაზი") 2014 წელს დამფუძნებელი გახდა და დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას საერთაშორისო ბრიგადა "პიატნაშკა".
ინფორმაციისთვის, ავიძბა აფხაზეთის პოლიტიკური კრიზისის აქტიური მონაწილე იყო, რომელიც ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომით დასრულდა. ოპოზიციაში გაწევრიანების ერთ-ერთი მიზეზი 2019 წლის 22 ნოემბერს სოხუმში ახრას ბიძაშვილის, 38 წლის კანონიერი ქურდის ალხასის (ხასიკი) მკვლელობა გახდა.
2020 წლის ივნისში ავიძბა დაინიშნა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწედ "საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში". იმავე წლის 9 ნოემბერს მან დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ "საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვის" გამო.
მიმდინარე წლის მარტში ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ აღიარა. მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოხუმმა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ "დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და ნოტები გაცვალეს".
26 თებერვალს, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი".
საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის " დამოუკიდებლობა სირიამ 2018 წელს, მანამდე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა, იმავე წლის სექტემბერში კი ნიკარაგუამ აღიარეს. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ვენესუელამ და ნაურუმ ცნეს.
მასალის გამოყენების პირობები