ახალი ამბები
ბადრი ესებუას პროცესზე დღეს მისი მშობლები დაიკითხებიან
რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა განახლდა.

ბრალდების მხარის მოწმეებს შორის ბადრი ესებუას მშობლებიც არიან. ტარიელ ესებუა და ნინო ჯიქია დღეს სასამართლო სხდომაზე დაიკითხებიან.

პროცესს ბრალდებული ბადრი ესებუაც ესწრება, რომელსაც უკვე ჩაუტარდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუა ფსიქიატრიული დაწესებულებიდან ბათუმის ციხეში 2 მაისს დააბრუნეს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო ბადრი ესებუას 4 წლიანი პატიმრობა უკვე მიესაჯა. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს. ბრალს აღიარებს დაკავებულიც.

ბადრი ესებუა საქართველოს ბანკის ძარცვის საქმეზე ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

ბადრი ესებუა ფსიქიატრიული დაწესებულებიდან ციხეში დააბრუნეს

ბადრი ესებუას პროცესზე მოიტანეს სკამი, რომელზეც თავდამსხმელი ბანკში იჯდა

ბანკზე თავდასხმელისა და ბადრი ესებუას ხმები იდენტურია - ექსპერტი
Print