ახალი ამბები
ბადრი ესებუას ძმა, რომელიც სასჯელს იხდის, სასამართლოში მოიყვანეს
ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა ბიძინა ესებუა, რომელიც სასჯელს ქუთაისის ციხეში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 4 წლიან სასჯელს იხდის, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრაგის თანხლებით მოიყვანეს. მას შემდეგ, რაც ბიძინა ესებუას მოსამართლემ ჰკითხა, სურდა თუ არა ჩვენების მიცემა, ესებუამ უპასუხა, რომ არ სურდა.

"რატომ უნდა მსურდეს"? - მიმართა მან მოსამართლეს.

ამის შემდეგ სასამართლოსთვის ჩვენების მისაცემად მათი მესამე ძმა ბიკენტი ესებუა გამოცხადდა, თუმცა, ვინაიდან ის საქმის არსებით განხილვებს პერიოდულად ესწრებოდა, მოსამართლე ეკატერინე ბებიამ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა. ამასთან, მას თავადვე არ სურდა ძმის საქმეზე ჩვენების მიცემა.

დღესვე სასამართლომ იმსჯელა ბადრი ესებუასთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გადასინჯვის საკითხზე. ბრალდების მხარე მის პატიმრობაში დარჩენას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი განმარტა, რომ ესებუა სხვა საქმეზე უკვე მსჯავრდადებულია და საპატიმრო ვადის გაგრძელების საკითხი ამ შემთხვევაში ფორმალურია და აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ უნდა იყოს გამოყენებული.

მოსამართლემ კი ბადრი ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუუქმა, რადგან ის სხვა საქმეზე უკვე პატიმარია.

მომდევნო სხდომა 24 მაისსა ჩანიშნული.

ბადრი ესებუა საქართველოს ბანკის ძარცვის საქმეზე ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამავე თემაზე: 

ბადრი ესებუას ძმას 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ბადრი ესებუას დედა: „2020 წლის 21 ოქტომბერს ჩემი შვილი მთელი დღე სახლში იყო“

იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობისთვის ბადრი ესებუას 4 წელი მიესაჯა
Print